logo_s_n
კატეგორია: ეკონომიკა
2016-01-28
ნანახია 4561-ჯერ

რა გზები არსებობს ეროვნული ვალუტის კურსის დასარეგულირებლად?

image

ლარის კურსი ისტორიულ მინიმუმს გასცდა და გაუფასურებას განგრძობს. 1999 წლის შემდეგ პირველად მიმდინარე წელს ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2,47 დაფიქსირდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.4985 ლარია. რა უნდა გააკეთონ ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა იმისთვის, რომ ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება შეწყვიტოს, რა გზები არსებობს ლარის კურსის დასარეგულირებლად გრძელვადიან და მოკლევადიან პერიოდში? “სოციალური ქსელი“ ეკონომისტების მოსაზრებებს გთავაზობთ. 

 

მაია გრიგოლია - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი

 

მოკლევადიან პერიოდში ნომერი პირველი, რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ეს არის კოორდინირებული განცხადებები. ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მოლოდინების ბრალი შეიძლება, იყოს, ამაში გარკვეულწილად ვეთანხმები. მოლოდინებმა, შესაძლოა, რყევები გამოიწვიოს გაცვლით კურსში, ამავდროულად, რამდენიმე მინისტრი გამოდის და განსხვავებულ განცხადებებს აკეთებს. ეს გამორიცხავს მათ სურვილს, რომ იყოს კოორდინაცია. თუ გაგრძელდა გაუფასურება, აუცილებელი გახდება ფისკალური კონსოლიდაცია, მათ შორის, კარგი იქნება, პრივატიზაცია თუ განხორციელდება. რაც შეეხება გრძელვადიან პერიოდს, უნდა ვიზრუნოთ იმ ფაქტორებზე, რაც განმსაზღვრელია - ეს არის ექსპორტი, ამისთვის საჭიროა ერთდროულად ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის, DCFTA-ის მოთხოვნის შესაბამისი პროდუქცია და ამ მხრივ სახელმწიფოს ჩართულობა შეიძლება, ძალიან მაღალი იყოს. უნდა ვიზრუნოთ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაზე, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, სტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნაა, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ოღონდ არა სახელმწიფოს ჩარევით, არამედ პრიორიტეტი რომ მიენიჭოს დეცენტრალიზებულ გადაწყვეტილებებს, რეგიონების განვითარებას. მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, კოორდინაციაშია. შესაძლოა, ცალკეულ სტრუქტურებს იგივე აზრი აქვთ, ქმედით ნაბიჯებსაც დგამენ, მაგრამ ერთმანეთთან კოორდინირებულად არ მოქმედებენ. ამის მაგალითიც შემიძლია, მოგიყვანოთ. მიწის რეგისტრაციის პროექტი, რომელზეც USAD-მა წლების განმავლობაში იმუშავა, ჩაატარა შეხვედრები, მსოფლიო პრაქტიკა და ქართულ რეალობაც გაითვალისწინა, შეიმუშავა კანონპროექტი, კომუნიკაციის პროექტიც, იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა, უნდა შევიდეს პარლამენტში და ამ დროს ეკონომიკის სამინისტროს მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით სულ სხვა პროექტი შეაქვს და ითხოვს დაჩქარებული წესით განხილვას. საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, მიწის რეგისტრაციის მოგვარების გარეშე სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაზე არ უნდა ვფიქრობდეთ, არც ინვესტიციაზე და არც საკუთრების უფლების განცდაზეც კი, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამ მიმართულების განვითარებისთვის.

 

 

ლევან კალანდაძე - ეკონომისტი

 

ლართან დაკავშირებული პრობლემა კომპლექსური საკითხია. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ ამ პრობლემის აღმოფხვრაზე, უნდა იყოს დასახული გზები როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან ჭრილში. საქმე ეხება როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე მთავრობის ეკონომიკური გუნდის საქმიანობას. ყველა სამუშაო, რაც ჩატარდება, უნდა იყოს ერთიანი კონცეფციის - ანტიკრიზისული, ფინანსური სტაბილიზაციის გეგმა, რას დავარქმევთ ამას, მნიშვნელობა არა აქვს. გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანია, ეროვნულმა ბანკმა დაიწყოს მუშაობა დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირებაზე პირველ რიგში და მეორე მხრივ, მაქსიმალურად სრულყოს და შედეგზე ორიენტირებული გახადოს ის მონეტარული ინსტრუმენტები, რაც მას გააჩნია, როგორც რეფინანსირების განაკვეთის, ისე რეფინანსირების სესხის, სავალუტო ინტერვინციების კუთხით. მთავრობის კომპონენტი გრძელვადიან პერსპექტივაში ითვალისწინებს მაქსიმალურად უზრუნველყოს ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები, ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ ამაზე იყოს ორიენტირებული, უპიველეს ყოვლისა, ეს არის ტურიზმის შემოსავლები, მეორე - პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რათა დოლარის გადინებისა და შემოდინების მაჩვენებლები მეტ-ნაკლებად დაბალანსდეს. მოკლევადიან პერიოდში, სამწუხაროდ, ძალიან დიდი არჩევანი არ გვაქვს, ლარის სტაბილურობის ინსტრუმენტები რეალურად სახელმწიფოში მხოლოდ სამია. 2 ეროვნული ბანკის კომპეტენციაა, 1 მთავრობის. ეროვნული ბანკის პირველი კომპეტენციაა - ფულის მასის მაქსიმალური შეზღუდვა. მეორე, სავალუტო ინტერვენციები, ოღონდ წინასწარ იდენტიფიცირებული რისკისა და შოკის შესაბამისად. ანუ დროულობის მომენტი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თავად ამ ინსტრუმენტის ეფექტიანობას, თუ ლარი გაუფასურდა და ამის შემდეგ განხორციელდა სავალუტო ინტერვენცია, ეფექტი ექნება მინიმალური. ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად იყოს დანახული ყველა მოსალოდნელი რისკი, შემდეგ გამოიყენოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია. რაც შეეხება მთავრობის კომპეტენციას, ეს არის ბიუჯეტის ხარჯვითი მაქსიმალური უზრუნვეყოფა, რადგან თანმიმდევრულობის დაცვა და სისტემურობის უზრუნველყოფა მაქსიმალურად გამორიცხავს ბიუჯეტის, როგორც ლარზე მოქმედი რისკფაქტორის მინიმუმამდე დაყვანას. მოკლევადიანი და გრძელვადიანი პრიორიტეტები ცნობილია როგორც მთავრობისთვის, ისე სებ-სთვის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად, ფინანსები სოციალური კატეგორიაა და განწყობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მოლოდინი აკორექტირებს ხოლმე კურსს და მოთხოვნა მიწოდებას სავალუტო მასაზე ქვეყანაში, მნიშვნელოვანია ის, რაც გააკეთეს ეროვნულმა ბანკმა და მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა 2015 წლის შემოდგომაზე, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ეკონომიკური გუნდის მინისტრები დასხდნენ ერთად, დასახეს გეგმა ლართან დაკავშირებული სამუშაოების ჩასატარებლად და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მათ ერთობლივად აიღეს პასუხისმგებლობა, ასეთი ნაბიჯი დღეს მნიშვნელოვნად მოხსნის საზოგადოებაში პანიკის ელემენტს, გაურკვევლობას. ჩემი შეფასებით, დღეს თითქოს ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს მეტ-ნაკლებად, როგორც ეროვნული ბანკის მხრიდან, ასევე მთავრობის ეკონომიკური გუნდიდან, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კეთდება განცხადებები - ყველა თემა შეთანხმებულია მხარეებთან და თითქოს, ერთობლივად ხდება გადაწყვეტილებების მიღება, მაინც მგონია, რომ კოორდინაციის პრობლემა გვაქვს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი - საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას აკეთებს სებ-ი და მთავრობის ეკონომიკური გუნდი იმისთვის, რომ ლართან დაკავშირებული პრობლემა აღმოიფხვრას, განცდა იმისა, რომ ეს ნაბიჯები ადეკვატურია, ეფექტიანია, მხოლოდ სწორი კომუნიკაციის შედეგად შეიძლება, იყოს მიღწეული. დღეს კომუნიკაციის თვალსაზრისით გარკვეული პრობლემა გვაქვს, ისევე, როგორც ვფიქრობ, გარკვეული პრობლემა გვაქვს უწყებებს შორის კოორდინაციის.

 

 

ბესო ნამჩავაძე - საქართველოს რეფორმების ასოციაციის ეკონომისტი

 

ვფიქრობ, პირველ რიგში, მოკლევადიან პერიოდში უნდა შეაჩერონ ბიუჯეტიდან დეფიციტურად ფულის ხარჯვა. ბოლო სამ სამუშაო დღეში 100 მილიონი ლარი დახარჯეს. ვიცი, ამის გაკეთება რთულია, მაგრამ შეძლებისდაგვარად უნდა მოახერხონ. ამასთან, უნდა შეიქმნას პოზიტიური მოლოდინები მოსახლეობასა და ბიზნესში. აუცილებელია, მკაფიო სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრონ. თქვან, გააუქმებენ თუ არა მოგების გადასახადს და როდიდან შეძლებენ ამას, აპირებენ თუ არა პრივატიზაციის გაგრძელებას და დაახლოებით რა თანხა შეიძლება, შემოვიდეს აქედან. ასევე, უნდა ისაუბრონ ბიუჯეტის ხარჯებთან დაკავშირებით, რას მოიმოქმედებენ. ეროვნული ბანკი რასაც აკეთებს, ის უნდა გააკეთოს, თუ გახდება საჭირო, პიკურ სიტუაციებში დოლარი უნდა გაყიდოს აუქციონზე. რაც შეეხება გრძელვადიან გეგმას, აქ ერთადერთი შესაძლებლობა გვაქვს, დაჩქარდეს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი, ეს ვერ მოხდება ინვესტიციების ზრდის გარეშე, უნდა მოვიზიდოთ უცხოელი ინვესტორები, ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. დაიწყონ ბევრჯერ დაანონსებული ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები, მაგალითად, სადავო პროექტებსაც რომ არ შევეხოთ, როგორიც არის „ჰუდონჰესი" და „პანორამა თბილისი", ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ამ დრომდე არაფერი დაწყებულა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, გამოავლინონ გამარჯვებული და მისცენ უფლება, დაიწყოს მშენებლობა.


ხელისუფლება რასაც ამბობს ლარის კურსთან დაკავშირებით, მიზეზებს ვგულისხმობ, თუ ამაზე გულწრფელად საუბრობენ, ძალიან ცუდად გვქონია საქმე. კომპეტენციასა და საღ აზრს მოკლებულია, რომ რუბლი გაუფასურდა, მანათი და ჩვენ რა ვქნათ, თუ ეს პოლიტიკური მესიჯია და ამის უკან ძალიან კარგად იციან, რა პრობლემებია და ამ მიმართულებით იმუშავებენ, სხვა საკითხია. თუ ხვდებიან, რომ ლარის გაუფასურება არ არის მხოლოდ საგარეო ფაქტორების შედეგი და ძალიან ბევრი საშინაო პრობლემა გვაქვს, მაშინ შეუძლიათ სიტუაციის შემოტრიალება.

კატეგორიები
რეიტინგული მასალები
პრომო ბანერი
image