logo_s_n
კატეგორია: პოლიტიკა
2016-02-16
ნანახია 5662-ჯერ

საარჩევნო გარემო - რა იცვლება? მამუკა კაციტაძის, მიხეილ მაჭავარიანისა და ზაქარია ქუცნაშვილის განსხვავებული მოსაზრებები

image

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვე რჩება. რა შეიცვალა საარჩევნო სისტემაში, რამდენად თანაბარ პირობებს უზრუნველყოფს დღეს არსებული საარჩევნო გარემო სხვადასხვა პოლიტიკური ძალისთვის, რა შენიშვნები აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელისუფლებასთან და რას პასუხობენ მმართველ გუნდში? “სოციალური ქსელი“ გთავაზობთ განსხვავებულ მოსაზრებებს

 

 

მამუკა კაციტაძე - “ახალი მემარჯვანეების“ გენერალური მდივანი

 

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საარჩევნო გარემო მთლიანობაში 2016 წლისთვის გაუარესებულია და არა გაუმჯობესებული. მთავარი არგუმენტი ამ შეფასებისა გახლავთ ის, რომ ყველა წინა არჩევნების პერიოდში იმართებოდა გარკვეული დიალოგი, დისკუსია ხელისუფლებასა და ოპოზიციას, ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორს შორის საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ხდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. თუ შედეგს განსაკუთრებულს დიდს ვერ ვიღებდით, რაღაც დონეზე შეთანხმება მაინც ხდებოდა, თუმცა შორს ვიყავით იმისგან, რაც მხარეებს თავდაპირველად მოსაზრებები ჰქონდათ. ასე იყო 90-იან წლებში, მე სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დიდი გამოცდილება მაქვს. ასე იყო შემდგომაც, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ხელისუფლებამ რაღაც ე.წ. ინტერფრაქციული ფორმატი შექმნა, ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ გარკვეული წინადადებები შეგვეთავაზებინა, რაღაც შეიძლებოდა, გაეთვალისწინებინა, რაღაც არა. მაგალითად, მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევნებზე 50%-იანი ბარიერი დაწესდა, ეს იყო გარკვეული პოზიტივი, თუმცა რაღაც განსაკუთრებულისა და იდეალურისგან შორს იყო. საპარლამენტო არჩევნებისთვის ხელისუფლებამ აირჩია აბსოლუტურად კარჩაკეტილი პოლიტიკა, მან დახურა კარი, კოალიციის შიგნით რაღაცაზე მოითათბირა, შეათანხმა, შემდეგ კანონად აქცია და აბსოლუტურად უგულებელყო პოლიტიკური ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, ეს იმდენად ნეგატიური შტრიხია, რომ ერთმნიშვნელოვნად დიდ უარყოფით ფონს სძენს 2016 წელის არჩევნებს. მთავარი პრობლემა, ეს არის საარჩევნო სისტემა, თუმცა ეს არ არის ერთადერთი თემა, აქ არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, სატელევიზიო რეკლამის თანაბრად განაწილება და ასე შემდეგ, მაგრამ საარჩევნო სისტემა არის ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო გარემოს სამართლიანობასთან, დემოკრატიულობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ 2013 წლის ნოემბერში შექმნა საკონსტიტუციო კომისია თითქოს იმ პერსპექტივით, რომ კონსტიტუციის დონეზე უნდა განხორციელებულიყო ცვლილებები, მათ შორის საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში, საარჩევნო კომისია მივიღეთ, როგორც მკვდრადშობილი, რომელიც სულ რაღაც ორჯერ შეიკრიბა, არაფერი გაუკეთებია, გამოდგა გარკვეულწილად ორთქლის გამომშვებ საშუალებად, ამის შემდეგომ მომზადდა რამდენიმე რეკომენდაცია, მათ შორის ძალიან დეტალური და კონკრეტული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მხრიდან, სადაც ნათქვამია 3 რამ. პირველი, არ ვარგა საქართველოს საარჩევნო სისტემა, მეორე, სისტემის შესაქმნელად საჭიროა ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსი, მესამე, ძალიან კონკრეტული ფორმულა, რომ საქართველოსთვის კარგი იქნება, თუ მოხდება რეგიონულ-პროპორციული ღია სიებით არჩევნების ჩატარება. ასე, ცოტა არ იყოს, დიპლომატიური ენისთვის შეუფერებლად გვითხრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ. ჩვენ დავეყდენით ამ რეკომენდაციას, გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი მსჯელობა ოპოზიციურ პარტიებთან, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო, გვქონდა მსჯელობა სამოქალაქო სექტორთან, ცალკეულ ინსტიტუციებთან - პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, რაღაც კომპრომისული ვერსია შევქმენით, რომელიც ყველა მხარისთვის იყო მისაღები, პასუხად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, ხელისუფლებამ ეს გადახაზა. საკუთარი ჰიბრიდი შექმნა, ვითომ ხმის წონის თანაბრობისა და დადო სისტემის ახალი მოდიფიკაცია, რომლის ავტორიც არის მხოლოდ ხელისუფლება, აქაც ჩაკეტილი აღმოჩნდა. როცა ლაპარაკია იმაზე, რომ საარჩევნო გარემო პროგრესირებს, ეს შედეგიდან და საქმიდან გამომდინარე აბსოლუტურად აცდენილია რეალობას. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ლეგიტიმაციის საკითხი დგას 2016 წლის არჩევნებისთვის, მეორე მხრივ, ჩნდება საფრთხეები, როგორი იქნება წინასაარჩევნო კამპანია დაძაბულობის თვალსაზრისით, როგორი იქნება პოსტსაარჩევნო პერიოდი, რადგან ბოლოს განსაკუთრებული დაძაბულობა იყო არჩევნების წინა და შემდეგომ პერიოდებში, ასე იყო 2003 წელს, 2008 წელს, ასეთი პირი უჩანს ახლაც სიტუაციას, რაც არ უნდა აწყობდეს ქართულ სახელმწიფოს, ეს არ არგებს, გაცილებით არ არგებს ქართულ სახელმწიფოს ხელისუფლებაში ისევ 4 წლით მოსული უკონტროლო პოლიტიკური ძალა, თუ ხელისუფლებაში მოსულ პოლიტიკურ უმრავლესობას არ აკონტროლებს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები ოპოზიციისა და სამოქალაქო ჩართულობის სახით, დამერწმუნეთ, ეს ყველაფერი მიდის აბსოლუტურ ძალაუფლებამდე და შესაბამისად, აბსოლუტურ გარყვნილებამდე. აქვე მინდა ვთქვა, არის გარკვეული შანსი, ერთი მხრივ, კონსოლიდირებული პოზიციიდან გამომდინარე, რაც გვაქვს ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს, მეორე მხრივ, საერთაშორისო საზოგადოების აქტიური მხარდაჭერითა და ჩართულობით, რაც რეალურად არსებობს და მესამე მხრივ, ბოლო პერიოდში გამოკვეთილი გარკვეული კონტურების გამო, გვყავს ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელიც გარკვეულ იმედს აჩენს იმისა, რომ შეიქმნას ურთიერთთანამშრომლობის ფორმატი, ამის მეშვეობით ორმხრივი კომპრომისების საფუძველზე შევთანხმდეთ ზოგადად გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებზე და მოვხსნათ კითხვის ნიშნები. რაღაც პერსპექტივა ჩანს, არ მინდა, ვთქვა, რომ რევოლუციური ხასიათის ცვლილებების იმედი გამოჩნდა, მაგრამ არც ის მინდა, მთლიანად უგულებელვყო ეს შესაძლო პერსპექტივა გარემოს გაუმჯობესებისა.

 


მიხეილ მაჭავარიანი - საპარლამენტო უმცირესობის წევრი


საარჩევნო გარემო გაუმჯობესებული არ არის და ეს გვაჩვენა გარდაბნის არჩევნებმა. პირველი, საარჩევნო სისტემა არ შეცვლილა, ამას კი ითხოვდნენ დღევანდელ ხელისუფლებაში მყოფი პარტიები ოპოზიციაში როდესაც იყვნენ, არც საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი შეცვლილა, როგორც ნაციონალური მოძრაობის დროს მიიღეს, ასევეა დღეს, უბრალოდ ქართულმა ოცნებამ მოირგო. გარდაბნის არჩევნებმა გვაჩვენა, საარჩევნო კამპანიაში როგორ არის ჩართული სუს-ი და პოლიცია. უამრავი ფაქტობრივი მასალა იყო დაწყებული მანქანების ნომრებიდან, რომლებიც იყვნენ ჩართული ამ პროცესში. იყო ბინძური პროვოკაციები, როდესაც მოხდა ჩხუბი, ქართულმა ოცნებამ მიიღო საარჩევნო კანონმდებლობა ისე, რომ არც ერთ სუბიექტს არ შეუთანხმა.


პირველ რიგში, უნდა შეიცვალოს სისტემა. გარდაბანში ძალიან საინტერესო და ნიშანდობლივი არჩევნები იყო, ხელისუფლებას არც გზა დაუგია, არც უთქვამს, თქვენი ცხოვრება უკეთესი გახდება, უბრალოდ, დააშინა ხალხი, ვიღაც მოისყიდა, ფული გადაიხადა და ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა, როდესაც კონკრეტულმა ადამიანებმა გვარები და სახელები იცოდნენ, ვინ უნდა მისულიყო, ვის ეუბნებოდნენ, რომ არ უნდა მისულიყვნენ არჩევნებზე. მიუხედავად ამისა, მაინც მოვიდა ჩვენი ამომრჩეველი და იმაზე მეტი ხმა მივიღეთ, ვიდრე ადგილობრივ არჩევნებზე. ეს არ გაამართლებს, მაგრამ მე გეუბნებით ხელისუფლების გზა რა არის, მისი გზა ის კი არ არის, რომ მე უკეთესი ვარ, ამას გავაკეთებ და ასე შემდეგ. ამ არჩევნების სახე გარდაბანში იყო ვაჟა ლილუაშვილი, კუდის უფროსი ჩვენ დროს. თუ რამე სისტემურ დანაშაულზეა ლაპარაკი, ამ ადამიანმა უნდა აგოს პასუხი, არც სასამართლოს ატარებენ, არც სჯიან, რომ ჰყავდეთ ასე ყურმოჭრილ მონად. მე მეუბნებიან, მიშა მაჭავარიანს, სისტემური დანაშაული იყოო, მე რატომ უნდა ვაგო პასუხი, როდესაც ვამბობ, რომ თუ ვაჟა ლილუაშვილმა ჩაიდინა დანაშაული აგოს პასუხი, მაგრამ ის სჭირდებათ.


საარჩევნო ოლქი ყოველთვის ემთხვეოდა ადმინისტრაციულ ერთეულს, გამგეობას, ეს ჩვენ კი არ მოგვიგონია, ასე იყო მუდმივად, ახლა აიღეს ერთი არჩევნებისთვის, როგორც თვითონ ამბობენ, შეცვალეს საზღვრები, მაგალითად, გააერთიანეს მესტია, ლენტეხი, ცაგერი, ონი, ამბროლაური, რომელიც ტერიტორიით არის 2 აჭარის ტოლი. შეუძლებელია, იქ მაჟორიტარმა იმუშაოს. მაგალითად, ლენტეხიდან რომ ჩავიდეს მესტიაში, სამხიდიანი მანქანა სჭირდება, ან ვერტმფრენი, ან უნდა ჩავიდეს ქუთაისში, ავიდეს ზუგდიდში და შემდეგ მესტიაში, ეს არის დაახლოებით 400 კმ. მეორე მაგალითი, ხონი და ვანი - შეხედეს, რომ ხონში ავიღეთ 50% თითქმის, ვანში ოცზე მეტი, შეაჯამეს და იფიქრეს, რომ ალბათ, 30%-ზე მეტს ვერ აიღებენ. მარნეული რატომ გაყვეს ასე? იმიტომ, რომ დაიანგარიშეს, სადაც მეტი ხმა გვქონდა მიღებული. პირობითად, ჰორიზონტალურად კი არ გაყვეს, არამედ ვერტიკალურად. თბილისის დაყოფა ჯერ არ ვიცით, არჩევნებამდე რამდენიმე თვე რჩება, ცენტრალური საარჩევნო კომისია არც მართავს კონსულტაციებს. ამას ალბათ ქართულ ოცნება და თამარ ჟვანია დაწერენ.

 

 

ზაქარია ქუცნაშვილი - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი


საარჩევნო გარემო, ეს არის ის პროცესი, რაც ვითარდება არჩევნებამდე - წინასაარჩევნო პერიოდსა და კენჭისყრის დღეს. საარჩევნო გარემო ეს არის იმ ინსტიტუციების ერთობლიობა, რომლებიც გავლენას ახდენენ ამ პერიოდში ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე. განმსაზღვრელ გავლენას ახდენს მედიის თავისუფლება, არის თუ არა მედია თავისუფალი წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას, ერთი დირიჟორი ჰყავს ყველა ნიუსს, თუ არის კონკურენცია, ახლა მედია მეტად კრიტიკულია ვიდრე ლოიალური, აქედან გამომდინარე საარჩევნო გარემოს ამ ნაწილში გაუმჯობესებასთან გვაქვს საქმე, ვიდრე გაუარესებასთან. წინა არჩევნების დროს მხოლოდ კავკასია და მაესტრო იყო კრიტიკული, დანარჩენი 4 ეროვნული მაუწყებელი იყო ლოიალური ძველი ხელისუფლების მიმართ. დღეს პროფესიულ წრეებში თანხმდებიან იმაზე, რომ მედია თავისუფალია, რადგან უფრო კრიტიკულია. მეორე ინსტიტუტი - ეს არის სასამართლო, დღეს ყველანი მსჯელობთ იმაზე, რომ განვითარდეს ეს თავისუფლება ისე, რომ თვითნებობასა და უკანონობაში არ გადაიზარდოს. მესამე ინსტიტუტი - ბიზნესის კეთების თავისუფლება. ყველა აღიარებს, რომ ბიზნესის კეთებაში არის დიდი თავისუფლება. ერთი ბიზნესმენი არ დასახელებულა, რომელიც იტყოდა, რომ დევნიან იმის გამო, რომ ნაციონალური მოძრაობის, ირაკლი ალასანიას, ლებორისტების, ირმა ინაშვილის, ნინო ბურჯანაძის დამფინანსებელია. მეოთხე, საარჩევნო კანონმდებლობა, აქაც ცალსახა გაუმჯობესებაა ყველა მიმართულებით. ასე რომ თუ შევთანხმდებით, რომ საარჩევნო გარემო არის ამ ინსტიტუტების ერთობლიობა, მე ვასახელებ ოთხ ინსტიტუტს და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, აქედან გამომდინარე დასკვნის გამოტანა გაუარესებაზე არის შეუსაბამო და არასწორი.


არის რიგი ცვლილებები, რაც განხორციელდა, დავიწყებ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებიდან ძველი კანონმდებლობით, საჯარო მოსამსახურეებს უფლება ჰქონდათ, სამსახურის ავტომობილები გამოეყენებინათ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც ვიყავი რეფორმის ჯგუფის ხელმძღვანელი, პირველივე წელს ავკრძალეთ სამსახურებრივი მანქანების გამოყენებით წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება. მეორე, ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვის მიზნით ჩვენ ავუკრძალეთ აგიტაციაში მონაწილეობა ყველას, გარდა არჩევითი თანამდებობის პირებისა. ასევე, ავუკრძალეთ თანამდებობის პირებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას ამა თუ იმ მუნიციპალური სახელმწიფო პროექტის გახსნა, ეს იქნება ხიდი, გზა, თუ სხვა ნაგებობა. ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის მიზნით, როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო საათებში იკრძალება აგიტაციის წარმოება, რადგან რთული იყო გაგემიჯნა, შეზღუდვის ქვეშ მყოფი პირი სამუშაო მოვალეობას ახორციელებდა თუ წინასაარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. გავაორმაგეთ საბაზისო დაფინანსება, შევამცირეთ სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებისთვის არსებული ბარიერი და დავიყვანეთ 3%-მდე, პარტია, რომელიც გადალახავს 3%-იან ბარიერს, მოიპოვებს დაფინანსების უფლებას, ადრე იყო 4%. პარტიებს მივეცით ფულის მოზიდვის უფლება ნახევარ მილიონ ლარამდე, მათ შეუძლიათ, ჩაატარონ საჯარო აქციები, გაყიდონ ბილეთები. პარტიებს ბანკიდან სესხის აღების უფლება ადრე ჰქონდათ მხოლოდ არჩევნების წელს, ისიც არჩევნებიდან 2 თვით ადრე, ახალი კანონმდებლობით პარტიებს აქვთ სესხის აღების შესაძლებლობა ნებისმიერ დროს. გავანახევრეთ ის ჯარიმები, რასაც ნათია მოგელაძის ჯარიმები ერქვა. სასამართლოს მივეცით პარტიების შემოსავლებისა და ხარჯების შემოწმების უფლება, არჩევნებში მონაწილეობის გამარტივების მიზნით მოვხსენით შეზღუდვა, რომელიც არსებობდა ძველ კანონმდებლობაში, თუ არ გქონდა მიღებული მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, პრეზიდენტად კენჭს ვერ იყრიდი, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში არ გქონდა მონაწილეობა მიღებული, საპარლამენტო არჩევნებში ვერ იყრიდი კენჭს, დღეს ყველა პარტია თავისუფალია. მათ შეუძლიათ არჩევნების გამოტოვება.


რაც შეეხება ხარვეზებს, მედიის ხელმისაწვდომობა - დღეს კვალიფიციური პარტიები იღებენ სპეციალურ დაფინანსებას რეკლამების გასათავსებლად, მაგრამ მედია, განსაკუთრებით ტელევიზიები წინასაარჩევნო პერიოდში აორმაგებენ, ასამმაგებენ პოლიტიკური რეკლამის ღირებულებას. ყველასთვის თანაბარია ფასი, მაგრამ სიძვირის გამო ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. ტელევიზიებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ წლიურ საშუალო ღირებულებაზე მეტი მოთხოვონ პოლიტიკური რეკლამის გასათავსებლად. ასევე, გავამკაცრებდი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას არაარჩევითი თანამდებობის პირების მიმართ, ვიფიქრებდი საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტებაზე.

 

კატეგორიები
რეიტინგული მასალები
პრომო ბანერი
image