logo_s_n
კატეგორია: საზოგადოება
2016-05-09
ნანახია 11562-ჯერ

საზიზღარი გაიძვერას ვნებები

image

რა საინტერესო სიტყვაა - გაიძვერა. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში თუ ჩაიხედავთ, ამ სიტყვის გასწვრივ წერია: “ვინც საქმეს გაძრომ-გამოძრომით აკეთებს, - ცბიერი, გაქნილი“. ვინ გახსენდებათ? ბევრი ვინმე. მეც ბევრი ვინმე. ცხოვრებაში, პოლიტიკაში, ჟურნალისტიკაში...ამჯერად ფეხბურთზე მოგიყვებით. დიეგო სიმეონე - ჩავამატებდი განმარტებით ლექსიკონში. ვინც გაძრომ-გამოძრომით აკეთებსო საქმეს - რასაც ეს გაძვრებ-გამოძვრება, სხვა ვერავინ მოახერხებს. ახლა რაც მახსენდება, ყველა გაიძვერას ბედი ერთმანეთსა ჰგავს. ისე გაიჭედება, რომ მისსავე დაგებულ ხაფანგში აღმოჩნდება ხოლმე. ის ხვრელი, სადაც მიძვრება, მეტისმეტად ვიწრო აღმოჩნდება და მორჩა ! მთელი ტრაგედია და მორალი ისაა, რომ გაიძვერა ჭკუას ვერ სწავლობს. იცით, რატომ ? ყოველთვის მაშინ ერხევა, როცა მიზნისგან ერთი ნაბიჯი აშორებს. მერე ამ ყველაფერზე რომ დაფიქრდება, მარცხს თავის გაიძვერობას კი არ აბრალებს, იმ დასკვნამდე მიდის, რომ რაღაც უბრალოდ წვრილმანი ვერ გათვალა ბოლომდე...აკი, გაიჭედა კიდეც. ორი წლის წინ. ბურთის ერთი ხეირიანი მოგერიება და რამოსის თავმაც მოგვჭამა ჭირი, მაგრამ...


სიმეონეს სურვილი, როგორმე უკანა კარიდან შეიპაროს პანთეონში და ფეხბურთის ღმერთებთან წამოწვეს, ჯერ კიდევ სიცოცხლისუნარიანია. მიყვარს ჯიუტი ადამიანები. გამარჯვებას მაშინ აქვს ფასი, როცა ყველა შენ წინააღმდეგაა. მხოლოდ ერთი თამაში და ეს შავებში გამოწკეპილი კაცი ყველას გამოგვიყოფს ენას. ყველას - იმ ასტრონომ-მწვრთნელებსაც თავიანთი ვარკვლავებიანად, მესიან-რონალდოიანად. რით იქნება ვითომ აინშტაინის ენაზე ნაკლები ! ისიც ვარსკვლავებს ეთამაშებოდა. ეჰ, წავიდა სიმეონეს დრო, ერთი წუთიც გაეძლო - ყველა ამას ამბობდა ორი წლის წინ. ახლა ისევ იქაა. მხოლოდ ერთი თამაში. სულ რაღაც 90 ან 120 წუთი... მობეზრდა მგონი ატლეტიკო და ეს მაიმუნობა. მეც მომბეზრდებოდა. რაღაც ახალზე ვიფიქრებდი, ოღონდ მხოლოდ გამარჯვების შემდეგ.


ზიდანი ? ის უკვე დიდი ხანია, ჩემს გულსა და გონებაშია. ის ჩემთვის ისევ 21-ნომრიანი ზოლიანი მაისურით მორბენალი თავჩაქინდრული გენიოსია, რომელიც, თავს რომ აწევდა, სასწაულ პასებს აძლევდა პინტურიკიოსა და პიპოს. ან სულაც ის მკერდშემმუსვრელი კაცია, იმ თავისი გენიალური თავით მატერაცის გონებისთვის მიუწვდომელ ბიბლიურ სცენებს რომ დგამდა მოედანზე. ის ზიზუა - ფინალში ციდან მოფრენილ ბურთს მაგრად რომ დაჰკრა და ცხრიანში გაახვია. ყველა ტიტული რომ მოიგოს მწვრთნელის რანგში, ზიზუ მაინც ის იქნება ჩემთვის, რაც ზემოთ დავწერე. ამიტომ ფინალში მე ამ გაიძვერა სიმეონეს მხარეს ვიქნები. მიყვარს, როცა სამყარო შენ წინააღმდეგაა და შენ იმარჯვებ. სიმეონეს მაკიაველიზმი ფეხბურთში ბოლო გამოცდას აბარებს. მიზანი რომ საშუალებას ამართლებს, გვარდიოლასა და ლუის ენრიკეს დაგორებული თავებიც მოწმობს ამ უსირცხვილოდ გავლილ გზაზე...აბა რა ექნა ?! მესის ფეხბურთი ეთამაშოს ?! ვერ მოუგებ. რაღაც სხვა უნდა შესთავაზო, რასაც მერე ჟურნალისტები ფეხბურთს დაარქმევენ. აქ იმალება სიმეონეს გენიალურობა. სხვათა შორის, მაკიაველისაც...


ამ ამბავს მე კი არ უნდა ვყვებოდე, ჰომეროსი სჭირდება, ისეთი ისტორიაა. სან სირო იმ ადგილს მაგონებს, ტროას ომის გმირები რომ შეხვდნენ. ჩემს წარმოსახვაში ზიდანს აქილევსს ვამსგავსებ, სიმეონეს - ჰექტორს, ოღონდ უფრო გაქნილს. ის პატიოსანი იყო. იქნებ ახლა, ამ საუკუნეში ჩვენმა თანამედროვე ჰექტორმა იმარჯვოს. სულ აქილევსი ხომ არ უნდა კლავდეს ჰექტორს. და თუ მაინც ზიდანმა გაიმარჯვა...ერთი სიტყვით, როგორც არ უნდა მორჩეს, იქნებ ამ ტრაგედიასაც ჰყავს თავისი ქუსლში მსროლელი გმირი, რომელსაც დიდად ვერც ახლა ვამჩნევთ. ვერ გამოიცანით ? ქერათმიან ლივერპულელ გერმანელზე ვამბობ - წინ ხომ სუპერთასია !

 

ავტორი: ვახო სანაია

კატეგორიები
რეიტინგული მასალები
პრომო ბანერი
image