logo_s_n
კატეგორია: საზოგადოება
2016-05-13
ნანახია 6829-ჯერ

რა უნდოდა ღმერთს ლესტერში ?!

image

არსებობს ერთი შეხედვით დაუკავშირებელი სიტყვები. “...გზა შარშანდელი, თუმც არა როგორც შარშანწინდელი!“ აქვს ასეთი ლექსი გალაკტიონს - “რუსთაველი პარიზში“. რა უნდოდა რუსთაველს პარიზში ?! სად შოთა და სად პარიზი, მაგრამ რას გაიგებ, როცა ერთი გენიოსი მეორე გენიოსზე წერს, - გავიფიქრე. ეს ღრმა ბავშვობაში იყო. მერე, კარგად რომ წავიკითხე, იმავე ლექსში ვიპოვე პასუხი, მაგრამ არის რაღაცები რაზეც პასუხი მგონი არც არსებობს. მაგალითად, რა უნდოდა თასს ლესტერში ? რას გაუგებ.


მგონი ოთხი წლის წინ იყო, ამ ქალაქში რიჩარდ მესამის ძვლები იპოვეს - ერთი ჩვეულებრივი ავტოსადგომის ქვეშ. რიჩარდი მგონი ყველაზე ცნობილი ინგლისელი მმართველია, რომელსაც ასე ახლოს ვიცნობთ ქართველები - შექსპირის, სტურუასა და ჩხიკვაძის წყალობით. ამბავში, რომელსაც ახლა ვყვები, იმდენი სიმბოლო და ასოციაციაა, ცდუნებას ვერ ვუძლებ. იქნებ სიტყვაც გამექცეს, მაგრამ ერთი სიამოვნებაა ამაზე წერა.


რიჩარდი ტახტზე ვარდების ომის დროს ავიდა. ვარდების ცნობილი ხანგრძლივი ომი იორკებისა და ლანკასტერების მომხრეებს შორის. „ვარდების ომი“. წითელი და თეთრი ვარდები. რასაც ახლა დავწერ, ასოციაციას მხოლოდ ქართულ ენაზე იწვევს...


ვარდი, ვარდი, მაჰრეზი, ფუქსი, ოკაზაკი...ამ გვარებს მთელი წელი ვწერდი ლესტერის თამაშების შემყურე. მერე ჩამოთვლა მომბეზრდა და შემოკლებულად ვამბობდი - დღეს ვარდები თამაშობენ. ანუ კოლექტიური ჯეიმი ვარდი. პირველი, ვინც ლესტერზე მახსენდება, სწორედ ახალი ვარსკვლავი ჯეიმი ვარდია. ჰოდა ლესტერს ვარდები შევარქვი. მართლაც ვარდების ომი იყო, რასაც წელს ვუყურებდით და ამ კოლექტიურმა ჯეიმი ვარდებმა ჩაწერეს ლესტერის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფურცელი. რიჩარდიც ,,ვარდების ომის" დროს ავიდა ტახტზე და ისეთი გრძნობა მაქვს, ეს ბოროტი კაცი საიქიოდანაც წაეპოტინა ტახტს და დაითრია კიდეც. რიჩარდმა ორი წელი გაძლო. ,,ვარდების ომი" მისი სიკვდილით დამთავრდა. მკვდარს გვირგვინი თავიდან პირდაპირ ბრძოლის ველზევე ააცალეს და სხვას დაადგეს. 2 წელი გაძლო. რანიერის ერთი წელიც ეყოფა. მერე სხვა ავა ტახტზე. გაისად, ზუსტად ამ დროს, რანიერის სხვა ჩამოაგდებს, მაგრამ ისტორია ხომ დაწერა. ესაა მთავარი და არა ის, რამდენ ხანს გაძლებ. რიჩარდი თითქმის ხუთი საუკუნის ამბავია. ხუთასი წლის მერე იქნებ კიდევ მოხდეს რამე ამ ქალაქში. მანამდე ესეც საკმარისი იქნება.


რა უნდოდა თასს ლესტერში ? ან ღმერთს რა უნდა ამ ქალაქში ? ღმერთი დღეს ლესტერშია და ნუ ვიკითხავთ რატომ. ვერ ვიპოვით ლოგიკურ პასუხებს მსგავს შეკითხვებზე. აბა, ვინ გაიგებს ღმერთის ლოგიკას ?! ვერც ამ ღვთიური თამაშის ლოგიკას მივხვდებით. ამიტომ გვიყვარს ფეხბურთი ! King power - აწერია ლესტერს მაისურზე. King power - ასე ჰქვია ლესტერის სტადიონს. რიჩარდს კი ალბათ ჰგონია, რომ გვირგვინი, რომელიც ხუთი საუკუნის წინ თავიდან ააცალეს, ისევ მას დაუბრუნდა. გაუმარჯოს ფეხბურთს !!!

 

ავტორი: ვახო სანაია

კატეგორიები
რეიტინგული მასალები
პრომო ბანერი
image