logo_s_n
კატეგორია: პოლიტიკა
2014-10-07
ნანახია 3681-ჯერ

ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ფაქტი იყო და არის ნათელი ნიშანი იმისა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს საერთო მომავალი აქვთ

image

ევროინტეგრაცია  უკრაინაში  მიმდინარე  მოვლენების  ფონზე,  სანქციები რუსეთის წინააღმდეგ  და  ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა საგარეო საკითხებში ახალი ხელმძღვანელის პირობებში – ამ თემებზე  იტალიიის პრემიერ–მინისტრს 2013-2014 წწ–ში, მემარცხენე–ცენტრისტული „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელს, ენრიკო ლეტას ვესაუბრეთ.

 

ბატონო  ლეტა,  პირველი შეკითხვა უკრაინას უკავშირდება.  როგორ  შეაფასებთ  იქ არსებულ ვითარებას და რას უნდა ველოდოთ სამეზობლოში?  თქვენი აზრით,  ვლადიმერ პუტინი წარმატებით ახერხებს  ევროპის დაყოფას?

 

ძალიან  ვწუხვართ  უკრაინაში არსებული ვითარების გამო.   დასაწყისში  უარესი  სიტუაცია  იყო,   სწორედ  ამიტომ, ევროპელები  ერთობლივად   შევთანხმდით    ვალდებული გაგვეხადა  რუსეთი შეეცვალა უკრაინასთან მიმართებით საკუთარი პოზიცია.   ვიმედოვნებთ,  სანქციები და  ერთიანი  ევროპული  პოზიცია შეაჩერებს   ესკალაციას,  ამ  მეტად  ნეგატიურ ვითარებას.   ჩვენ  გვინდა  მშვიდი სიტუაცია და  მშვიდობიანი  გამოსავალი.  გვსურს თანამშრომლობა  რუსეთთან,  მაგრამ  არ გვინდა  ისეთი ვითარება,  როგორიც უკრაინაშია.

 

ჩვენ  ვხედავთ,  რომ  სანქციები  პუტინზე არ მოქმედებს.  ასევე,  ჯერჯერობით  არ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე.  დასავლეთის  მხრიდან ლიდერობის ნაკლებობას ხომ არ გრძნობთ? 

 

ახლახან გადავწყვიტეთ სანქციების დაწესება.  სანქციების განხორციელება იქნება ერთ–ერთი მნიშვნელოვანი გზა, რათა რუსეთმა გაიგოს, რომ უნდა შეცვალოს პოლიტიკა. დარწმუნებული ვარ,  რუსეთი ამას მიხვდება,  რადგან  ჩვენ  მანამ გავაგრძელებთ, სანამ  არსებული  ვითარება არ შეიცვლება.  ევროპა არ არის სუსტი. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ევროპის პოზიცია  ძალიან   ნათელი და მტკიცეა. 

 

უკრაინა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ რეაგირებს რუსეთი მეზობელი ქვეყნების ევროინტეგრაციისკენ სწრაფვაზე,  საქართველომაც გამოთქვა სურვილი შეუერთდეს ევროკავშირს.  როგორ აპირებს ევროკავშირი  ამ პროცესში გარანტორის  როლის შესრულებას?

 

თქვენ იცით, რომ  ძალიან  რთულ  დროს –  უკრაინაში  კრიზისისა და   სხვა სირთულეების  ფონზე,  ჩვენ–ევროკავშირმა გავეცით ნათელი  პასუხი  და  მკაფიო პოზიცია დავიკავეთ. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების  ხელმოწერის  ფაქტი  იყო და არის  ნათელი  ნიშანი  იმისა, რომ  ევროპას, ევროკავშირსა და საქართველოს საერთო მომავალი აქვთ.  ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზავნილია, რაც ჩვენ ასოცირების შეთანხმებასთან ერთად   გავაჟღერეთ.   რასაკვირველია,  ასოცირების შეთანხმებას განხორციელება სჭირდება,  ეს იქნება ყველაზე  მნიშვნელოვანი ასპექტი.  ვფიქრობთ, საქართველო ასოცირების შეთანხმების  ყველა  ნაწილს განახორციელებს,   რადგან  მიგვაჩნია, რომ  მხოლოდ   იმპლემენტაციას  შეუძლია ყველა დაარწმუნოს,  რომ ევროპული გზა  არის   ერთადერთი  გზა.   რასაკვირველია,  არსებობს  საჭიროება,  ეს უნდა იყოს კონკრეტული   და არა მხოლოდ  ფორმალური რიტორიკული ასპექტი. იმპლემენტაცია მოითხოვს შიდა რეფორმების  განხორციელებასა და საქართველოს მხრიდან რეფორმათა გზის გაგრძელებას.  ჩვენ ვამხნევებთ საქართველოს  გააგრძელოს  ეს  გზა, ასოცირების შეთანხმება  სწორედ ამის  გაკეთების საშუალებაა.  

 

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ახალ ხელმძღვანელზეც გკითხავთ, ქალბატონი მოგერინი იტალიის   საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრია,  როგორ შეცვლის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე მისი დანიშვნა  ევროკავშირის  სამეზობლო პოლიტიკას? რას უნდა ველოდოთ ჩვენ საქართველოში?

 

ევროკავშირი პირველი ნოემბრიდან ახალი გუნდით დაიწყებს მუშაობას, ჩვენ გვეყოლება ახალი კომისია, ევროკავშირის საბჭოს ახალი პრეზიდენტი-პოლონეთის პრემიერ–მინისტრი.  მნიშვნელოვანი სიგნალია მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისთვის,  რომ  ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი,  ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკოსი,  ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპიდანაა. ის ფაქტი, რომ მოგერინი იქნება უმაღლესი წარმომადგენელი,  გამოხატავს  იტალიის  ჩართულობას  ქალბატონი  ეშტონისა და  წინა გუნდის  საქმიანობის გაგრძელების თვალსაზრისით,  ეს გულისხმობს  სამეზობლო პოლიტიკას ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო, უფრო მეტ თანამშრომლობასა  და  კავშირებს,  ეს არის ის, რამაც  მიგვიყვანა  ასოცირების შეთანხმებამდე და  ეს არის ის,  რაც ჩვენ გვსურს მომავალში  ასოცირების შეთანხმების შემდეგ. 

 

 დასასრულ, რა  შეგიძლიათ გვითხრათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე...

 

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გავაკეთებთ მომავალში ერთად. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა  იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი,  მაგრამ  ჩვენ მივედით ამ  ნაბიჯამდე იმიტომ, რომ აქამდე  ბევრი ერთობლივი სამუშაო ჩავატარეთ. ამგვარად, მომავალიც  დაკავშირებული იქნება ჩართულობასა და ერთად მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელებასთან.  მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი,  რადგან ვიცი საქართველოს ამ გზის  გაგრძელება სურს. 

    

 

                                                                                                                       ავტორი: მაიკო გაბულდანი

კატეგორიები
რეიტინგული მასალები
პრომო ბანერი
image