logo_s_n
კატეგორია: პოლიტიკა
2014-10-08
ნანახია 3923-ჯერ

დრო იყო საჭირო კარგი პოლიტიკის მოსაფიქრებლად, რომ არ შექმნოდათ სირთულეები სასურველ მიგრანტებს

image

რა  პრობლემები შეუქმნა ახალმა საიმიგრაციო რეგულაციებმა საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს და როგორ უნდა დაარეგულიროს ქვეყანამ  მიგრანტების გადაადგილება – ამ საკითხებზე თსუ–ს ეკონომიკური სკოლის პროფესორ კარინე  ტოროსიანს ვესაუბრეთ,   რომელიც უკვე  8 წელია,  საქართველოში ცხოვრობს და  ISET-ში   ასწავლის.  

 

ქალბატონო  კარინე,  თქვენ  ერთ–ერთი ხართ,  ვისაც  ახალმა  საიმიგრაციო  რეგულაციებმა პრობლემები  შეუქმა. მოგვიყევით თქვენი  შემთხვევის შესახებ  და  რა არის  ის   მიზეზები,  რის გამოც   არ ეთანხმებით ახალ სავიზო რეგულაციებს?

 

ჩემმა  იტალიელმა   პარტნიორმა  აპრილში  ერთ  თვეში მიიღო  ვიზა  და  ბინადრობის უფლება.  იმავე   დოკუმენტებით  მეც   მივმართე  აგვისტოში.  ჩემი განაცხადი  არ დააკმაყოფილეს.  შეიძლება  ნაკლებად  სასურველ მიგრანტად მიმიჩნიეს,   ვიდრე  იტალიელი. ახლა პრობლემა ბავშვებს  უკავშირდებათ,   7 თვის  ბავშვის ინფორმაციის დამატება  გვინდოდა  მამის   ბინადრობაში,  მაგრამ   როგორც აღმოჩნდა,  ახალი რეგულაციები   7 თვის ბავშვსაც ავალდებულებს  ვიზის  აღებას.   შევიტანეთ  განაცხადი  ვიზაზე,  ინტერვიუ  დეკემბერშია  დანიშნული, ამასთან, კიდევ  ერთი თვე სჭირდება ვიზის აღებას, ერთი თვე  კი ბინადრობაში დამატებას  და ა.შ.   საშობაოდ  მოგზაურობა გვქონდა დაგეგმილი და მოგვიწევს აქ დარჩენა. რაც შეეხება ჩემს  ქალიშვილს,   ის  აშშ–ში  დაიბადა,  მისთვისაც შევიტანეთ  განაცხადი  ვიზაზე,   თუმცა   ის  მოსაცდელთა სიაშია, მისთვის  არაფერი უთქვამთ,  მაშინ როდესაც   მეორე შვილს  ინტერვიუ 11  დეკემბერს  დაუნიშნეს,  ორივე  განაცხადი კი  ზუსტად   ერთი საათის განმავლობაში შევიტანეთ.  ეს   რეგულაციები  პირველ რიგში ძალიან დიდი  ხარჯია  ამ ხალხისთვის.  იუსტიციის სახლი სავსეა, სურათის გადასაღებად თითქმის ერთსაათიანი ლოდინი გიწევს, დიდი არეულობა შექმნა.  

 

რა გახდა თქვენს  ბინადობაზე უარი თქმის საფუძველი?

 

ბინადრობაზე  უარის  თქმის მიზეზი  იყო ის,  რომ  მე  ეროვნულ საფრთხეს  წარმოვადგენ საქართველოსთვის. ევროპაში,  როდესაც   ადამიანს ეუბნებიან,  რომ   ქვეყნისთის   საფრთხეა, მას   საზღვართან  მიახლოვების უფლებასაც არ აძლევენ.   წინა რეგულაციების მიხედვით, რადგან მე 1 სექტემბრამდე მოვედი,  შემიძლია საქართველოში  დავრჩე კიდევ   ერთი  წელი,  ისე რომ  განვიხილებოდი   ეროვნულ საფრთხედ.  ამაში ვერანაირ  ლოგიკას ვერ ვხედავ.  თუ სერიოზული საფუძველი აქვს  ამ განცხადებას, მაშინ ადამიანი უნდა გააძევო ქვეყნიდან  და  დეპორტაცია გაუკეთო.  

 

მთავრობის არგუმენტია ის,  რომ  მიგრაციის  პოლიტიკის  რეგულაცია ხდება, მათ ევროპის ქვეყნების მაგალითები მოყავთ, სადაც  საქართველოსთან შედარებით  ბევრად მკაცრი  წესები აქვთ, როგორ   უპასუხებთ ამ არგუმენტს?

 

ყველა  ქვეყანა  რაღაცა  გზით  არეგულირებს მიგრაციას.  საქართველოს ბოლო  8  წლის   განმავლობაში ღია პოლიტიკა  ჰქონდა,  დერეგულაციისკენ  მიმართული.  ეს,  ერთი მხრივ,  ძალიან  კარგი და საინტერესო გამოცდილება იყო.   ქვეყანამ ბევრი ხალხი მიიღო, მათ შორის ბევრი დიდებული ადამიანი, თუმცა მოვიდნენ  ნაკლებად სასურველი მიგრანტებიც, მე ვხედავდი ზოგიერთ მათგანს, ქუჩაში  მათხოვრობდნენ.  საჭირო  იყო   რეგულაცია,   მაგრამ   არა ღია კარიდან  ამ   არეულობაში  გადახტომა.   დრო იყო საჭირო  კარგი  პოლიტიკის  მოსაფიქრებლად,  მიგრაციის რეგულაციისთვის კარგი გზის მოსაძებნად,  რათა  არ  შექმნოდათ სირთულეები  სასურველ მიგრანტებს.  ამ ყველაფერს სჭირდება  ორგანიზება  და არა ისე,  რომ ერთ დღეს  გაიღვიძებ  და  გადაწყვეტ. უნდა დაეწესებინათ გარდამავალი პერიოდი, ნაბიჯ–ნაბიჯ განეხორციელებინათ ცვლილებები.  ტრანზაციის პერიოდში  შენ გაქვს   დრო  შექმნა  კარგი კანონი,  შესაფერისი  ადმინისტრაციული  ორგანოები კანონის  განსახორციელებლად.  მათ,  ვინც საქართველოშია, განსაკუთრებულად უნდა მოექცნენ, რადგან  საქართველომ  აიღო პასუხისმგებლობა  მათ  დაპატიჟებაზე და ახლა   პასუხსიმგებლობა უნდა  აიღოს  იმაზეც, რომ  მათ   არ   გაყრიან  სახლებიდან,  სამსაუხრებიდან.  

 

უფრო დეტალურად ვისაუბროთ  ეკონომიკურ ეფექტებზე.   რა  მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგი ექნება ამ პოლიტიკას ეკონომიკაზე,   განათლებასა  და    ქვეყნის  საერთაშორისო  იმიჯზე?

 

მოდი  ვისაუბროთ მიგრაციის  დადებით  და   უარყოფით მხარეებზე.   პოზიტიურ   მხარეებს   შორისაა  ის,  რომ მიგრანტები  გეხმარებიან  იმ   სამუშაო   ადგილების შევსებაში, რომელთაც ადგილობრივებით ვერ  ავსებ, ვგულისხმობ,  პროფესორებს, რეჟისორებს,  მენეჯერებსა  და ა.შ.  რომელთაც  აქვთ   განსაკუთრებული უნარ–ჩვევები, რაც არ  აქვთ  საქართველოში.  ეს რეგულაციები ამ ადამიანების ქვეყნიდან  წასვლის   რისკებს აჩენს და  შესაბამისად, დარჩება  თავისუფალი ადგილები და საქართველოს  შესაძლოა,  არ ჰყავდეს   კადრები  მზად მათ  ჩასანაცვლებლად. 

 

მიგრანტებს  მოაქვთ  ენერგია და ინოვაციები.  შემიძლია  მაგალითად  სომხეთის  გამოცდილება მოვიყვანო.  ჩვენ ძალიან დიდი დიასპორა  გვყავს  და  ხალხი  ყოველთვის   დადის  აშშ–დან, ევროპიდან,  არგენტინიდან და სხვა ქვეყნებიდან. ბოლო წლებში საქართველოშიც შეიცვალა მდგომარეობა,  ტურისტები  არა მხოლოდ ჩამოდიან,   არამედ   სხვებსაც  ურჩევენ   ჩამოსვლას.  

 

ასევე  უცხოელები,  რომელთაც  ინვესტიციები შემოაქვთ  საქართველოში,   ქირაობენ სამუშაო ადგილებს ან არიან თანაინვესტორები.   შემიძლია მოვიყვანო   ბორჯომის  მაგალითი,  როდესაც  ფრანგმა ბიზნესმენმა  ეს  კომპანია გახადა   პროგრესირებად, ინვესტორებისთვის  მიმზიდველ კომპანიად.  ეს არის მაგალითი იმისა, როდესაც უცხოელი მოდის  და  დიდი  საწარმოს   ტრაფორმაციას ახდენს.  ეს არის ის ხალხი,   რომლებიც კარგად  უნდა მიიღო   და მიიპატიჟო. 

 

ამბობენ,   რომ   მიგრანტები მოდიან და ართმევენ სამუშაოს  ქართველებს.   ჩემი აზრით,  ეს  არ შეიძლება  იყოს არგუმენტი, რადგან მიგრანტის შემოსვლამდეც  ჰქონდა საქართველოს  პრობლემა სამუშაო ადგილების შექმნაში,  ეს საქართველოში არსებული ეკონომიკური  პირობების  ბრალია და არა  მიგრანტების.   კარების  დაკეტვით  შენ ვერ შექმნი ახალ სამუშაო ადგილებს.  

 

როგორ უნდა დაარეგულიროს საქართველომ მიგრაცია ისე, რომ ერთი მხრივ არ დააზიანოს  საკუთარი  ქვეყნისა  და მოქალაქების ინტერესები და ამავდროულად   მოიზიდოს  ინვესტორები და   ტურისტები?  მთავრობამ  გამოთქვა მზადყოფნა ხარვეზების  აღმოჩენის შემთხვევაში  ცვლილებები  შეიტანოს  რეგულაციებში,  კონკრეტულად რის შეცვლას  ურჩევდით   თქვენ?

 

ვფქირობ,  უნდა   გააუქმონ  ზოგიერთი რეგულაცია მათთვის,  ვინც   უკვე   ქვეყანაში იმყოფება. ვინც აქ  ცხოვრობს და  მუშაობს, ცალკე უნდა განიხილონ,  ვინც მოგვიანებით შემოვა, ისინი  - ცალკე  კატეგორიაში.   ბევრ ქვეყანაში სადაც სტუდენტის  სტატუსით ვიყავი მისული, ყველგან მწვანე  შუქი ამინთეს. აქ კი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე ჩვენს  სტუდენტებს   უარი უთხრეს ბინადრობაზე.  ჩვენ  არ უნდა შევუქმნათ  ამ  ხალხს დამატებითი საზღვრები, ეს არავის  არგებს, უბრალოდ  შექმნის  მეტ  ბიუროკრატიასა  და  დამატებით  ხარჯებს.   ბევრ ქვეყანას   დაწესებული აქვს  კვოტები მიგრანტებზე  სხვადასხვა  მიმართულებიდან.  კვოტების დაწესებაში დევს აზრი,   თუ  გინდა,  რომ   ნაკლები  ხალხი შემოვიდეს,  მაგალითად, ნიგერიიდან ან სხვა ქვეყნიდან,  ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ  რა არის   შენთვის  პრიორიტეტი.  შესაძლოა  იყოს  კვოტები,  მაგრამ ამ შემთხვევაშიც სიფრთხილეა საჭირო,  რომ არ  მოხდეს დისკრმინაცია.  ჩემი  შემთხვევა, ვფიქრობ,  დისკრიმინაცია იყო,  რადგან  ჩემი მეუღლის განაცხადი დააკმაყოფილეს,  ჩემი კი–არა და ამის კარგი  დასაბუთებაც არ არსებობს.   როდესაც უარს ეუბნები  ადამიანს,   მაშინ ამისთვის  უფრო ობიექტური  კრიტერიუმი უნდა არსებობდეს,  მაგალითად,  ის რომ კვოტა შევსებულია.  მათ  სხვა ქვეყნების   გამოდილებასაც  უნდა შეხედონ.

 

რომელ ქვეყნებს ურჩევთ, შეგიძლიათ  დაასახელოთ მაგალითები?

 

შესაძლოა,  თქვენ  გქონდეთ    ევროპის,   აშშ–ის  ან სხვა ქვეყნების    მსგავსი ზოგიერთი  რეგულაცია,  მაგრამ ნებისმიერი  რეგულაცია  სწორად  უნდა  იყოს გათვლილი   და  მორგებული   გარემოზე.  არ შეიძლება, მარტო ერთ ქვეყნის მაგალითს  შევხედოთ.  უნდა  გაითვალისწინონ, თუ  სად  მდებარეობს საქართველო - გეოგრაფიული,   პოლიტიკური  და ეკონომიკური თვალსაზრისით.  კვლევა უნდა ჩაატარო, რომ   გაიგო,  რა სახის რეგულაციებია საჭირო.  როდესაც მოულოდნელად ცვლი წესებს,  უნდა  იფიქრო  სხვადასხვა კატეგორიის ადამიანების სენსიტიურობაზე.  საუკეთესო გამოსავალი არ არის,  მაგრამ  ახლა  საქართველომ    საკუთარ  გამოცდილებაზე  უნდა ისწავლოს. 

 

აპირებთ ბინადრობაზე უარის გასაჩივრებას?

 

ვაპირებ,  გავასაჩივრო  ეს გადაწყვეტილება.   თუ არ დააკმაყოფილეს,  მომიწევს ქვეყნიდან წასვლა,   ეს   არ იქნება მარტივი,  მაგრამ სხვა გზა არ მრჩება. 

 

ავტორი: მაიკო გაბულდანი

 

კატეგორიები
რეიტინგული მასალები
პრომო ბანერი
image