logo_s_n
კატეგორია: პოლიტიკა
2014-10-10
ნანახია 7839-ჯერ

რიჩარდ გირაგოსიანი: მოსკოვის აშკარა „დანაკარგი“ უკრაინის სახით, შესაძლოა, იყოს ეფექტური გზა სომხეთის ხელისუფლებისთვისაც უარი თქვას საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე

image

ინტერვიუ ერევანში რეგიონული სწავლებების ცენტრის დირექტორ რიჩარდ გირაგოსიანთან

 

ბატონო რიჩარდ,  გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების შესახებ შეთანხმებას 10 ოქტომბერს,  მინსკში  დსთ–ს ქვეყნების სამიტზე მოაწერს ხელს.  რატომ გააკეთა სომხეთმა არჩევანი საბოლოოდ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირზე და არა ევროკავშირზე?  რა მიზეზები დგას  ამ გადაწყვეტილების უკან?

სამწუხაროდ, სომხეთის ხელისუფლება ერთგული რჩება ადრე მიღებული გადაწყვეტილების– შეუერთდეს  რუსეთის  ხელმძღვანელობით შექმნილ საბაჟო კავშირს, დღეს  უკვე  ცნობილ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს, მაგრამ ბელორუსისა და ყაზახეთის  მხრიდან მოულოდნელი წინააღმდეგობის გამო,  აშკარაა, რომ სომხეთის  გაწევრიანების  პროცესი  კვლავ  შეყოვნდება. 

საბაჟო კავშირში გაწევრიანების შესახებ სომხეთის გადაწყვეტილება თავიდანვე შეფასდა როგორც შემობრუნება პოლიტიკაში. ამან  გაკვირვება გამოიწვია როგორც ევროკავშირში, ასევე სომხეთში, თავად ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირების ყველა პერსპექტივა გააქრო.  მოგვიანებით, ეს ნაბიჯი უკვე  აღარ იყო  გასაკვირი  იმ ფაქტის გამო,  რომ  პრეზიდენტი სარგსიანი ვლადიმერ პუტინმა მოულოდნელად გამოიძახა მოსკოვში „ბოლო წუთის შეხვედრაზე“, რაც ასევე ერთგვარი დემონსტრირება იყო სომხურ–რუსული ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი ასიმეტრიის. ასეთი კონტექსტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ ატმოსფეროს გასაგებად, რაც სუფევდა სომხეთის პრეზიდენტის  ბოლო წუთს მიღებული გადაწყვეტილების  დროს - რომ ასე სწრაფად ეთქვა უარი ასოცირების შეთანხმების პარაფირებაზე. სომხური მხარის, როგორც  რუსეთთან „სტრატეგიულ თანამშრომლობაში„  უმცროსი  პარტნიორის  სისუსტემ   მხოლოდ   სუბორდინაცია და  მორჩილება  გამოიწვია.

რა ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები  ექნება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში სომხეთის წევრობას?

ევროკავშირთან  შეთანხმებების დასრულების პროცესიდან უკან დახევით ქვეყანამ  ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა გადაელახა გეოგრაფიულ იზოლაციასთან დაკავშირებული გამოწვევები,  რაც გამოხატულია 4  საზღვრიდან 2–ის დაკეტვითა  და უმნიშვნელო ეკონომიკით.  მცირე ზომის, მარგინალიზებულმა ბაზარმა და  კორუფციიამ  ხელი  შეუშალა  გრძელვადიან განვითარებას. სომხეთის ხელისუფლებისთვის რთული იქნება  აღადგინოს  ნდობა  ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ  შეთანხმებების პარაფირებაზე  უარის თქმის  შემდეგ.  ამ უკან დახევას მსხვერპლად შეეწირა მრავალწლიანი  მოლაპარაკებები და რეფორმები. საბაჟო კავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილება სომხეთს სინამდვილეში მწირ ეკონომიკურ სარგებელს სთავაზობს.  თუ სომხეთი ნამდვილად გახდება  ამ  კავშირის წევრი,  შედეგი უფრო მეტად საზიანო იქნება,  ვინაიდან ეს ქვეყანას კიდევ უფრო მეტად შეავიწროვებს რუსულ ორბიტაზე.  საბაჟო კავშირში  წევრობის პერსპექტივა  არც  ისეთი მარტივი და  უსაფრთხოა, როგორც ამის დღეს  სომხეთის  ხელისუფლებას   სჯერა,  სამი ძირითადი მიზეზის  გამო:

პირველი,  სერიოზული დაბრკოლებები არსებობს,   რაც  აფერხებს საბაჟო კავშირში ქვეყნის შესაძლო გაწევრიანებას, დაწყებული რუსეთთან საერთო საზღვრის არარსებობით. ასევე, არც საბაჟო კავშირის  დანარჩენ  წევრებთან - ბელარუსსა და ყაზახეთთან  აქვს  სომხეთს საერთო საზღვარი.

თანმდიმდევრული ეკონომიკური უპირატესობის ნაკლებობა ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია. სტრუქტურული დაბრკოლებების შესახებ თავად სომხეთის ხელისუფლებაც საუბრობდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების დროს.  მაშინ  სომხეთის პრემიერ–მინისტრმა განაცხადა,  რომ:  „სომხეთის ეკონომიკის სტრუქტურა  განსხვავებულია საბაჟო კავშირის ქვეყნებისგან, ის მისდევს შიდა მწარმოებლების  მხარდაჭერის  პოლიტიკას  მაღალი საბაჟო გადასახადების დაწესების  გზით“,   პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ  „მთლიანობაში  მსგავსი სახის გადასახადები საბაჟო კავშირში ორჯერ მაღალია,  ვიდრე  სომხეთში„.  არსებობს სხვა სტრუქტურული დაბრკოლებებიც, რაც მოითხოვს კოპლექსურ პროცესს  საკანონმდებლო  და საკონსტიტუციო რეფორმასაც კი,  რათა სომხეთი  საბაჟო კავშირის  წევრობასთან შესაბამისობაში მოდიოდეს.

არსებობს მესამე ფაქტორიც- გარეშე მიზეზები ეჭვის ქვეშ აყენებს სომხეთის საბაჟო კავშირში წევრობას. მოსკოვის ყოყმანი - დახარჯოს სომხეთის  საბაჟო კავშირში შესასვლელად საჭირო  პოლიტიკური და ეკონომიკური კაპიტალი და პოლიტიკური სურვილის არარსებობა თავად საბაჟო კავშირის წევრებს  შორის,  მიუთითებს იმაზე,  რომ  2013 წლის სექტემბერში სომხეთის  მიერ  გაკეთებულ  განცხადებაში რუსეთის მთავარი მოტივაცია  იყო  ის,  რომ  ერევანს უარი ეთქვა  ევროკავშირისთვის, ვიდრე ის,  რომ თანხმობა განეცხადებინა საბაჟო კავშირის წევრობაზე.

სომხეთში ახლახან ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ  ევრაზიული კავშირის სასარგებლოდ მოსახლეობაში ერთ-ერთი არგუმენტი ეკონომიკური განვითარებაა.  როგორც ვიცით,  რუსეთის ეკონომიკა არ არის ისე განვითარებული,  რომ   შეასრულოს  პოზიტიური როლი,  როგორსაც  მაგალითად,  დასავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკა თამაშობს ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნების შემთხვევაში.  როგორ დაეხმარება რუსეთი გაერთიანების წევრებს ეკონომიკის დივერსიფიკაციასა და მოდერნიზაციაში და საერთოდ, რა ხარისხით განისაზღვრება სხვა  ქვეყნების მონაწილეობა ამ პროექტში?

ევრაზიული კავშირის შესახებ  ჩატარებული ყველა რეალური ანალიზი ადასტურებს, რომ სომხეთის წევრობა ძვირადღირებული შეცდომა იქნება, ეკონომიკური სარგებელის გარეშე და სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულებას  კიდევ უფრო მეტად  გაზრდის.

უფრო ფართო კონტექსტში რომ განვიხილოთ, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ყირიმის ანექსიის ფონზე, ახალი რუსული პოლიტიკის ტენდენცია იკვეთება – ევროკავშირის ჩართულობის შემცირება პოსტსაბჭოთა სივრცეში ან  როგორც  მოსკოვი განსაზღვრავს,  მისი „გავლენის სფეროში“.  აშკარაა, რომ  მოსკოვის პოლიტიკაში მოხდა დაგვიანებული შემობრუნება - ეს იყო ახალი, უფრო მტკიცე რუსული რეაქცია „აღმოსავლეთის პარტნიორობისა“ და ასოცირების  შეთანხმებებზე.  სომხეთის  მოულოდნელი  უარი პარაფირებაზე  ასევე ადასტურებს რუსეთის პოლიტიკაში ამ დაგვიანებულ შემობრუნებას,  ამას  კიდევ უფრო ნათელს ხდის ის ფაქტიც, რომ  არ ყოფილა მოსკოვის მხრიდან წინააღმდეგობა ერევანსა და ბრიუსელს შორის თითქმის 4-წლიანი მოლაპარაკების პროცესში.  რუსეთმა მოინდომა   ევროკავშირი აღექვა როგორც უმნიშვნელო გეოპოლიტიკური მოთამაშე, რომელსაც არ შეეძლო გამხარდიყო სერიოზული მეტოქე მოსკოვის  „გავლენის სფეროების“  საზღვრებში.  რუსეთის  შემობრუნება პოლიტიკაში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა უკრაინისა და მოლდოვის წინააღმდეგ  იძულებითი ზომებისა  და სავაჭრო  სანქციების დაწესებით,   სომხეთის   დამარცხება და დამორჩილება კი უფრო მნიშვნელოვანი გზავნილი იქნებოდა რუსეთის   სიძლიერის  დემონსტრირებისა  და ევროპული  მისწრაფებების შესაკავებლად.

 ხედავთ თუ არა ამ ყველაფერში ევროპის  პასუხისმგებლობასაც, რომ დასავლეთი  ვერ იყო ისეთი აქტიური,  როგორიც უნდა  ყოფილიყო  იმისთვის, რომ გავლენა მოეხდინა სომხეთის  გადაწყვეტილებაზე?

აშკარად, ბოლო  პერიოდში მოვლენების  განვითარების ფონზე  ევროკავშირმა უნდა  მოძებნოს ალტერნატიული ზომები სომხეთის  გასაძლიერებლად, მაგრამ  ეს უნდა იყოს სომხეთის როგორც პარტნიორის შეზღუდვებისა და ვალდებულებების უფრო რეალისტურ აღიარებაზე დაფუძნებული.  ერევნისთვის მთავარი  გამოწვევა  იქნება  ქვეყნის უნარიანობა და  მისი ლიდერების შეუპოვრობა -  წინააღმდეგობა გაუწიონ  რუსული ზეწოლისა და იძულების ახალ იერიშს.

როგორ ფიქრობთ, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შეუძლია რეალური კონკურენცია გაუწიოს ევროკავშირს და საერთოდ,  აქვს  თუ არა მომავალი ამ გაერთიანებას?

რუსეთის მიერ ყირიმში სამხედრო შეჭრის შემდეგ  უფრო მეტად გამოჩნდა, რომ მოსკოვი კვლავ ფოკუსირებას მოახდენს  მისი „გავლენის  სფეროების“ კონსოლიდაციაზე  და ამისთვის გამოიყენებს საბაჟო კავშირის იძულებით ეკონომიკურ  და  სავაჭრო ზომებს. ევრაზიული კავშირის  კონცეფცია არათანმიმდევრულია, პოტენციური  ეკონომიკური სტიმულებიც კი სუსტია, მისი წევრობა სთავაზობს მხოლოდ უფერულ ეკონომიკურ სარგებელს, მაშინ როდესაც შემოსავლები ძირითადად  რუსეთს  მოემატება, თუმცა უკრაინის დაკარგვა ევრაზიული კავშირის  სიცოცხლისუნარიანობას ძალიან დიდ დაბრკოლებას უქმნის,  ისევე როგორც  კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთლიანად  საბაჟო კავშირის ვარგისიანობას.

ანტისამთავრობო  გამოსვლებია დაგეგმილი სომხეთში ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. მოსალოდნელია თუ არა,  რომ  პროტესტმა მასშტაბური სახე მიიღოს, თუ გავიხსენებთ იმას, რაც მოხდა უკრაინაში?

უკრაინაში კრიზისის მიმდინარეობის დროს სომხეთის ხელისუფლება  განსაკუთრებით ფრთხილად იყო, იმის გამო, რომ  თავი შეეკავებინა ისეთი რამის გაკეთებისა ან თქმისაგან, რაც  გააბრაზებდა  სომხეთის „ სტრატეგიულ პარტნიორ“ რუსეთს.  ამავდროულად,  უფრო ფართო კონტექსტში რომ განვიხილოთ, უკრაინის კონფლიქტს მნიშვნელოვანი შედეგები აქვს სომხეთისთვისაც,  განსაკუთრებით  ე.წ. „ახლო საზღვარგარეთ“ რუსეთის  გავლენისა და საბაჟო კავშირის პერსპექტივის თვალსაზრისით.

 

უკრაინის ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილება - ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რუსეთის ხელმძღვანელობით საბაჟო კავშირს ნაკლებად  სიცოცხლისუნარიანსა და ნაკლებად მიმზიდველ პროექტს ხდის. მოსკოვის აშკარა დანაკარგი უკრაინის სახით, შესაძლოა, იყოს ეფექტური გზა სომხეთის ხელისუფლებისთვისაც  უარი თქვას საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე  და  თავიდან აიცილოს მოსკოვისთვის  თანხმობის მიცემითა და ბრიუსელზე უარის თქმით გამოწვეული დაბნეულობა. 

 

ავტორი: მაიკო გაბულდანი

კატეგორიები
რეიტინგული მასალები
პრომო ბანერი
image