logo_s_n
კატეგორია: პოლიტიკა
2014-10-17
ნანახია 3706-ჯერ

მილიონიდან შეიძლება მხოლოდ ერთს ჰქონდეს ჩამოწეული სამზეური ავტოფარეხში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არავითარ შეთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ჩამოწეული.

image

ინტერვიუ დამოუკიდებელ ექსპერტ ზაზა ავთუნაშვილთან

 

 პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ გამოძიების მასალებთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები აქვს. რა შეკითხვები გაგიჩნდათ მასალების გაცნობისას?


ჩვენ ამ დრომდე არ ვიცნობდით სისხლის სამართლის მასალებს, რაც ძალიან დიდი მოცულობისაა. დაახლოებით 7 ტომი უშუალოდ საქმეს ეხება. ამას გარდა, არის ბევრი ვიდეო, რამდენიმე ათეული საათის ჩანაწერები. გუშინ, ძირითადად, ექსპერტიზის დადგენილებებს გავეცანით, 5-6 საათის განმავლობაში მხოლოდ 1 ტომის შესწავლა მოვასწარით. შეფასება რომ მისცე საქმეს, ყველა ექსპერტიზის დასკვნა უნდა იცოდე. დღეს რომ კითხვები დავსვათ, შესაძლებელია პასუხები მომდევნო ტომში ვნახოთ. კითხვა რომ დავიწყეთ, გარკვეული შეკითხვები გაჩნდა, შემდგომ შესწავლისას კი ამ შეკითხვებზე პასუხები მივიღეთ. ვერ ვიტყვი, რომ მაქვს შეკითხვები და პროკურატურამ უნდა მიპასუხოს, ასე საკითხს ვერ მივუდგებით. პროკურატურა სათანამშრომლოდ მზად არის. ყველა შეკითხვაზე მივიღე პასუხი.

 

სპეციალისტებმა ექსპერიმენტით სავარაუდო სურათი აღადგინეს, რა არის ის ახალი დეტალები და გარემოებები, რაც ექსპერიმენტმა აჩვენა?


საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს უნდა აღდგეს ის მდგომარეობა, რაც შემთხვევამდე იყო. მთელი რიგი ექსპერტიზები ჩატარდა და მხოლოდ ამის შედეგად აღდგა სურათი, რა ვითარება უნდა ყოფილიყო გასროლამდე. სრულყოფილად ჯერ ვერ გაავეცანი მასალებს, გარკვეული დასკვნები არ წამიკითხავს. გამოძიება ამბობს, რომ ამ ექსპერიმენტებით მე დავასრულე, თქვენ ახლა გაეცანით, თუ შეკითხვა გაქვთ დააყენეთ შუამდგომლობა და ჩვენ მზად ვართ დაგიკმაყოფილოთ ეს შუამდგომლობა. რომ ვთქვა, რა გამოჩნდა ახალი ექსპერიმენტით, საგამოძიებო მასალების გამჟღავნება გამომივა, რისი უფლებაც არ მაქვს.


გამოჩნდა ისეთი დეტალები, რამაც შესაძლოა, საქმის მსვლელობაზე გავლენა იქონიოს?


არსებობს გარკვეული ვერსიები, რისი დადასტურებაც ან უარყოფაც უნდა მოხდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე რომ დღეს ექსპერიმენტის შედეგებზე ვილაპარაკო, საგამოძიებო მასალების გახმაურება გამომივა, რისი უფლებაც არ მაქვს. მხოლოდ დამსწრე რომ ვიყო, მაშინ შემეძლებოდა ლაპარაკი და ჩემი ვარაუდების გამოთქმა. დღეს ამის უფლება არ მაქვს.


კვლევის დასრულების შემდეგ მაია ნიკოლეიშვილმა კიწმარიშვილის ავტომობილში უცხო პირის არსებობა გამორიცხა. მისი აზრით, ექსპერიმენტში მონაწილე პირის მდებარეობა და სისხლის კვალი ერთმანეთს არ დაემთხვა. ამ მოსაზრებას არ იზიარებთ?


ჩემი განცხადება მედიამ არასწორად გააშუქა. მაია ნიკოლეიშვილის ინტერვიუსა და ჩემს ინტერვიუს შორის განსხვავება მე ვერ დავინახე. უბრალოდ, მე ვსაუბრობდი იურიდიულ ენაზე. ვთქვი, რომ ამ ეტაპზე გადაჭრით დასკვნის გაკეთების უფლება არ მაქვს. უნდა გავეცნო ყველა დასკვნას. ექსპერტიზა ჩატარდა გუშინწინ, მასალებს გავეცანი გუშინ, როგორ შემეძლო მეთქვა გადაჭრით ასეთი რამ. წინააღმდეგობა ჩემსა და ნიკოლეიშვილის ნათქვამს შორის არ არის.

 

ზურა კიწმარიშვილი ვარაუდობს, რომ მისი ძმა გარდაცვალებამდე მარტო არ ყოფილა და უმყარდება ვერსია, რომ მკვლელი უკან იჯდა.

 

რთულია ჩემთვის იმის თქმა, იჯდა თუ არა მანქანაში სხვა პირი. ფაქტებით უნდა ვისაუბრო. კიდევ უნდა გავეცნო მასალებს. ვიღაცის მოყოლილის თანახმად ვერაფერს ვიტყვი. კომპლექსური ექსპერტიზებია ჩატარებული, მე ეს ყველაფერი მთლიანობაში უნდა გავაანალიზო. ეს ექსპერიმენტი მხოლოდ გუშინწინ იმიტომ ჩატარდა, რომ მანამდე მთელი რიგი ღონისძიებები უნდა გატარებულიყო. ყველაფერი თანმიმდევრულად უნდა მოხდეს.

 

რთულია იმის დადგენა, იჯდა თუ არა მანქანაში კიდევ სხვა პირი?

 

თუ უკან არავინ იჯდა, მაშინ საიდან მოხდა გასროლა? თუ იჯდა, გამოდის მკვლელობა ყოფილა. პასუხი რომ გავცეთ შეკითხვას - იჯდა თუ არა ვინმე უკანა სავარძელზე, გამოდის რომ საქმეც დასრულებული იქნება. ძალიან რთულია ამის დადგენა.

 

ამ დრომდე სწავლობენ ტელეფონის, პლანშეტის, კომპიუტერის ინფორმაცისაც, ვინ მოძრაობდა სახლის გარე პერიმეტრზე. რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?


ამოღებულია კომპიუტერი, პლანშეტი, მობილური ტელეფონი, კამერები, ეს დიდი სამუშაოა, ამის შესწავლაა საჭირო. ფიზიკურად დიდ შრომას მოითხოვს.

 

თქვენ თქვით, რომ საეჭვოდ მიგაჩნიათ მანქანაში სამზეურების ჩამოწევა, გარდა ამისა, ამბობთ, რომ კიწმარიშვილს თავი არაბუნებრივად, უკიდურესად უკან ჰქონდა გადაგდებული, რაც აჩენს ეჭვებს. რა ეჭვებს გიჩენთ ეს გარემოებები?


ავტოფარეხში, სადაც სიბნელეა, სამზეურები ჩამოწეული არ უნდა იყოს. ლოგიკურია. მილიონიდან შეიძლება მხოლოდ ერთს ჰქონდეს ჩამოწეული სამზეურები ავტოფარეხში , მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არავითარ შეთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ჩამოწეული. არ შეიძლება ასე ვიმსჯელოთ.

 

კიდევ რა დეტალები მიგაჩნიათ საეჭვოდ საქმეში?


რთულია ამაზე საუბარი. საქმის შესწავლისას საეჭვო დეტალი რომ გაჩნდება, მალევე მიქარწყლდება ეჭვები, რადგან ვეცნობი პროკურატურის მიერ ჩატარებულ სამუშაოს. ამიტომ დღეს საეჭვო დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, საქმის მასალებს ბოლომდე არ ვიცნობთ.

 

რა დრო შეიძლება დასჭირდეს გარდაცვალების მიზეზის დადგენას?


მასალა არის ძალიან დიდი. ჩვენ უნდა გავეცნოთ და ჩვენი პოზიცია ჩამოვაყალიბოთ. შემდეგ ვნახოთ, რა იქნება. საგამოძიებო უწყებას საქმე აღძრული აქვს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, ან ამ კვალიფიკაციით უნდა განაგრძოს მუშაობა, ან უნდა გადააკვალიფიციროს. თვითმკვლელობამდე მიყვანა უბედური შემთხვევა ხომ არ არის? დანაშაული არ არის? ნაკლები დანაშაულია? შესაბამისი საფუძველი თუ გამოჩნდება, მაშინ საქმე გადაკვალიფიცირდება.

 

                                                                                                       ავტორი: ხატია შამანაური

კატეგორიები
რეიტინგული მასალები
პრომო ბანერი
image