logo_s_n
კატეგორია: პოლიტიკა
2016-02-18
ნანახია 3374-ჯერ

რაც უფრო დაბალი განვითარებისაა საზოგადოება, მით უფრო მეტ ადამიანს სჭირდება ბელადი

image

ინტერვიუ ფსიქოლოგ ზურაბ ბიგვავასთან

 

ბატონო ზურაბ, როგორც ფსიქოლოგმა, თავდაპირველად რომ შეაფასოთ, როგორია ქართველი ამომრჩევლის ფსიქოლოგია?


ქართველი ამომრჩეველი ისევე, როგორც ყველა ამომრჩეველი, სხვადასხვანაირია. ძალიან ბევრ რამეს აქვს მნიშვნელობა, რომელი სოციალური წრიდან არის, რა შემოსავალი აქვს, ქალია თუ კაცი, ისევე, როგორც ადამიანები იყოფიან გარკვეულ ჯგუფებად. ქართველ ამომრჩეველს განსაკუთრებული სპეციფიკა არა აქვს, თუმცა რაღაც თავისებურება, რომლითაც გამოირჩევა, მაგალითად, ამერიკელი ამომრჩევლისგან, შეიძლება, ახასიათებდეს ზოგიერთ შემთხვევაში.


რა არის ეს თავისებურება?


ქართველი ამომრჩეველი უფრო იმპულსურია, ადვილად ფეთქებადია, მარტივად ამყოლია გარკვეულ სიახლეებს, მაგალითად, მედიასიახლე, ან აღშფოთება, გარკვეული ამბავი, რომელიც თითქოს სკანდალურია, შეიძლება, გახდეს ქართველი ამომრჩევლისთვის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.


როგორც მაგალითად 2012 წელს მოხდა?


2012 წელს ასეთი მყისიერი გადაწყვეტილებები არ მიღებულა, თუმცა ციხის კადრებმა რაღაც ზეგავლენა მოახდინა გარკვეულ ამომრჩეველზე. ციხის კადრები ასეთი მაგალითი შეიძლება, იყოს. ასეთი პრეცენდენტები ხშირია საარჩევნო პროცესის ისტორიაში მსოფლიოში, უფრო სწორად, მედია იმიტომაც არის ჩართული, რომ ადამიანებს ინფორმაცია მიაწოდოს, რაც ერთი ან მეორე მხარისთვის იქნება მისაღები. შეიძლება, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ქართველების ფსიქოტიპი ცოტა განსხვავებულად არის ხოლმე დახასიათებული, ცოტა ბავშვური, ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ და ტერმინები არ ვიხმაროთ, უფრო გულუბრყვილო, მე ვფიქრობ, რომ ეს მაინც პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა ჩვენს ქვეყანაში, სპეციფიკა ახალი სიტუაციისა საქართველოში ის არის, რომ ქართველი ამომრჩეველი გახდა უფრო კვალიფიციური, ვიდრე ადრე იყო.

 

რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?


ბევრი რამ, რადგან გამოცდილება მივიღეთ, ბევრი არჩევნები ჩატარდა, ბოლო 20 წელია, რაც რეალური არჩევნები ტარდება, წინასაარჩევნო კამპანიებს ვაწარმოებთ, ვცდილობთ, ადამიანები დავარწმუნოთ და ასე შემდეგ, მანამდე იყო კომუნისტური პარტია და აბა ნუ მისცემდი ხმას? ადამიანებმა იგრძნეს თავისუფლება, მეორე, ადამიანებმა დააფასეს საკუთარი ხმა, მესამე, ადამიანებმა დაიწყეს გარჩევა, რომელია ტყუილი დაპირება და რომელი მართალი, სწორი შეფასებების გაკეთება დაიწყეს, მიხვდნენ, რომ მათ სწორ შეფასებაზეა დამოკიდებული მათი ცხოვრების გარკვეული მიმართულება. მთავრობასა და ხელისუფლებაზე, რომელსაც ისინი ირჩევენ, სწორედ მათზეა დამოკიდებული, როგორი ცხოვრება ექნება კონკრეტულად რომელიმე ოჯახს. ადამიანებმა დაიწყეს გარჩევა, რომელ პარტიას აქვს რეალური უნარი და შესაძლებლობა, საქმე აკეთოს, რატომ დაიწყეს ამის შეფასება? რომ მოვიდა ერთი ხელისუფლება და ისე არ წაიყვანა საქმე, ამ ადამიანს თვითონ შეექმნა პრობლემა და არა მარტივი დაბრკოლება, ზოგ შემთხვევაში სიცოცხლის პრობლემა დადგა, დაკარგა საცხოვრებელი, შემოსავალი და მთელი მონაგარი, ასეთი რაღაცებიც მოხდა.


თქვენი აზრით, ქართველ ამომრჩეველს უნდა შექმნოდა პრობლემა, უნდა ენახა შეუსრულებელი დაპირებები, რომ ეს გამოცდილება მიეღო?


რა თქმა უნდა, ადამიანმა უნდა მიიღოს გარკვეული გამოცდილება. არსებობს განმტკიცების ცნება, უარყოფითი და დადებითი განმტკიცება, პავლოვის ძაღლების რეფლექსების კვლევიდან მოდის ეს და რას ნიშნავს? თუ ცხოველი, ძაღლი შესაბამის საკვებს იმ დროსა და იმ ადგილას არ მიიღებდა, მას უარყოფითი განმტკიცება ჰქონდა, დენს დაარტყამდნენ, თუ კარგად გააკეთებდა, მაშინ საჭმელს აჭმევდნენ, ეს არის დადებითი განმტკიცება. ეს ყველაფერი ჩვენ შეგვიძლია ძალიან უხეშად გადმოვიტანოთ ადამიანზე, ჩვეულებრივად ცხოვრებაშიც ხდება ასეთ განმტკიცებები, ამას პირობით რეფლექსებს უწოდებდნენ, შემდეგ გააკრიტიკეს ეს თეორია, მაგრამ თავისთავად არსებობს და ბუნებრივი სახით გვხვდება. როცა ვთქვათ, გავაკეთეთ არასწორი არჩევანი, მივიღეთ უარყოფითი განმტკიცება, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ არ შეასრულა დაპირება, ცუდად წაყვანილი საქმე კი ჩემზე აისახა. მეორე, თუ ხელისუფლებამ შეცვალა კანონები და მისმა გადაწყვეტილებებმა ჩემზე დადებითად იმოქმედა, მაგალითად, საშუალება მომცა, წავსულიყავი საზღვარგარეთ, დამეწყო ახალი ბიზნესი, ეს არის დადებითი განმტკიცება. მთელი ეს პროცესი, რაც ხდება საქართველოში ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან შემდეგ კომპლექსურად უნდა განვიხილოთ, არ არის ეს მხოლოდ ის, რომ საარჩევნო პროცესი ცალკე მიდის, ცალკეა ეკონომიკის განვითარება. ჩვენი ცხოვრება გახდა სხვანაირი, ეს კი ადამიანებმა უნდა მოირგონ, უნდა შეეგუონ ახალი წესებით ცხოვრებას. მაგალითად 90-იან წლებში, როდესაც კვლევები ტარდებოდა, ვეკითხებოდით ადამიანებს, რას უჭერთ მხარს, გპასუხობდნენ, რა თქმა უნდა, საბაზრო ეკონომიკას, კაპიტალიზმს, დასავლეთში რაც არის, ის გვინდა ჩვენც. ტელევიზორში უყურებდნენ კარგ ცხოვრებას, ხალხი ერთობოდა, ბიტლზები მღეროდნენ, ძალიან კარგი მანქანები დადიოდა, ჯინსები ყველა მაღაზიაში იყიდებოდა - ეს ყველაფერი ადამიანებს იზიდავდა.


დღეს რა სურს ქართველ ამომრჩეველს?


ქართველი ამომრჩეველი გახდა გაცილებით უფრო კვალიფიციური, იმაზე კი არ ფიქრობს, რომ რაღაც წარმოუდგენელი შეიცვლება, რასაც პოლიტიკოსები ძალიან მარტივად ჰპირდებოდნენ, ახლა ქართველი ამომრჩეველი კონკრეტულ რაღაცებზეა ორიენტირებული. ფიქრობს, ვის შეუძლია, ეს კონკრეტული სიახლეები განახორციელოს. ფიქრობს, მე და ჩემს ოჯახს გამოგვადგება ისეთი რაღაცები, რასაც ესა თუ ის პოლიტიკური ძალა გვპირდება? ყველა ამომრჩეველს სურს მიიღოს მეტი კეთილდღეობა. ეს კეთილდღეობა, სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი იყო. ადრე მანქანა თუ ჰყავდა ადამიანს, იმას ნიშნავდა, რომ იყო ძალიან მდიდარი, შეძლებული, პრესტიჟული. საინტერესო რაღაცას მოგიყვებით. პირველად, რომ შემოვიდა ტელეფონები, მაშინ ჰქონდა ძალიან ცოტა ადამიანს, რომ შეეკითხნენ იმ მოქალაქეებს, ვინც სარგებლობდა ტელეფონით, უნდა ჰქონდეს თუ არა ბევრ ადამიანს, მათ უპასუხეს, არ არის საჭირო ყველას ჰქონდესო. თითქოს მისთვის უფრო მარტივი არ იქნებოდა დაკავშირება, მაგრამ ტელეფონი ითვლებოდა პრესტიჟის, გარკვეული სტატუსის მაჩვენებლად. დღეს კი ტელეფონი არავის უკვირს, წარმოუდგენელია მობილურის გარეშე ცხოვრება. იგივე სიტუაციაა მანქანასთანაც დაკავშირებით, დღეს თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ავტომობილი. სხვადასხვა დროს სხვასხვანაირი მოთხოვნა და გაგებაა იმისა, რა არის ჩემთვის კეთილდღეობა. ადრე დამოუკიდებელი ცალკე პატარა ბინა რომ გქონოდა, ეს ითვლებოდა დიდ პრესტიჟად, რადგან საერთო ბინები იყო. დღეს მაგალითად 32 კვ.მ. აღარ არის პრესტიჟი, 250 კვ. მ. ჩვეულებრივი მოვლენაა, ადამიანების ათვლის წერტილი გაიზარდა. ადრე თუ მოქალაქე საზღვარგარეთ კაპიტალისურ ქვეყანაში წასვლას მოახერხებდა, კაგებესთან უნდა ჰქონოდა კავშირი ან აგენტი უნდა ყოფილიყო, დღეს ყველა დადის საზღვარგარეთ და პრობლემა არ არის. აღარ ითვლება ეს პრესტიჟად.


საინტერესოა ერთი მომენტი, ქართველი ამომრჩეველი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებს, მაგალითად მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, იყო მოლოდინი, რომ ისინი გადაარჩენდნენ, მოუგვარებდნენ პრობლემებს, რა განაპირობებს ასეთ დამოკიდებულებას და თქვენი აზრით, მომავალშიც შეიძლება, რომ ამომრჩეველს მსგავსი მიდგომა ჰქონდეს?


ზოგადად, ეს არის პატერნალისტური მიდგომა, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება ნაკლებად არის განვითარებული, ნაკლებად არის თავისუფალი. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი თავის იმედი და უნარი, რომ თავად მართონ საკუთარი ცხოვრება. მთავრობაც წესით ისეთი უნდა სურდეს, რომ ამის შესაძლებლობა მისცეს. რაც უფრო დაბალი განვითარების არის საზოგადოება, მით უფრო მეტ ადამიანს სჭირდება ასეთი ბელადი, „მამა", რომელიც მიხედავს. ამბობენ, წვიმა მოდის და ამ ყველაფერში მთავრობაა დამნაშავე, იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ თვითონ ხელი გაანძრიონ და რაღაცას მიაღწიონ. ყოველთვის გარეთ ეძებენ იმ მიზეზს, რის გამოც დღეს ისე არ არიან, როგორც თვითონ ჰგონიათ, რომ უნდა იყვნენ.


ამ კუთხით გაიზარდა, თქვენი აზრით, საზოგადოება?


გარკვეულწილად კი. ეს არ არის ძალიან ნახტომისებური ცვლილება, მაგრამ არის. 90-იან წლებში კვლევებს რომ ვატარებდით, ადამიანებს სურდათ დასავლეთი, მაგრამ უნდოდათ უფასო განათლება, უფასო სამედიცინო მომსახურება და ასე შემდეგ, სოციალიზმი უნდა დარჩენილიყო, თან ყოფილიყო კაპიტალიზმი. ეს რომ შეუთავსებელი და წარმოუდგენელია, ამას ხალხი ვერ აცნობიერებდა. დღეს უფასო განათლება თითქმის არ არსებობს, უფასო სამედიცინო მომსახურებაც, სახელმწიფო გიხდის გარკვეულ ფულს, მაგრამ შენც გიწევს თანხის გაღება.


ქართველმა პოლიტიკურმა პარტიებმა რამდენად კარგად იციან, რა სურს ქართველ ამომრჩეველს?


ორი მომენტია, ერთი, მათ აქვთ ილუზია, რომ კარგად იციან ეს, თვითონაც ხომ არიან ამომრჩევლები. გარკვეულწილად, ეს არის პროფესიული ილუზია, რას ნიშნავს? უყურებ, მაგალითად, ველოსიპედით მიდის ადამიანი, შენ არასდროს მჯდარხარ, მაგრამ ფიქრობ, გაატარებ უპრობლემოდ, ამ დროს ორთვლიან ველოსიპედზე რომ დაჯდე და მართო, ამას სჭირდება სხეულის კოორდინაცია, სანამ ისწავლი ველოსიპედის მართვას, ან ცურვას, მანამდე ჩაიძირები, ან დავარდები. სწორედ ასეთი პროფესიული ილუზია ქართველ პოლიტიკოსებს დღეს ხშირად აქვთ. 200-ზე მეტი პარტიაა საქართველოში და კიდევ იქმნება, მათი ხედვა, რა სურს ამომრჩეველს, ხშირად ილუზორულია. დღეს ასევე არიან პარტიები, სადაც პროფესიონალი პოლიტიკოსები მუშაობენ, მათ ისწავლეს, როგორ უნდა შეისწავლო ქართველი ამომრჩევლის სურვილი, მოტივი, მოთხოვნები, საქართველოში უკვე არიან ორგანიზაციები, რომლებიც შეისწავლიან საზოგადოებრივ აზრს, რა სურს ამომრჩეველს, რა ინტერესი აქვს, ეს შესწავლაც ძალიან პროფესიონალური საქმეა, ყველა ვერ გააკეთებს. თუნდაც პოლიტიკოსი ამაში მარტო ვერ გაერკვევა, ეს არ არის კითხვის დასმა და პასუხი ამაზე, ეს არის სპეციფიკური ანალიზი, კანტმა თქვა, მეცნიერება იმდენად არის მეცნიერება, რამდენადაც არის მასში მათემატიკაო. ჩვენთან მსოფლიო ომის შემდეგ მეცნიერება გახდა ძალიან სერიოზული, დათვლადი, უფრო მეცნიერული კანტის თვალსაზრისით, რადგან შემოვიდა ბევრი მათემატიკა და ძალიან ზუსტად შეიძლება, დაითვალო მოლოდინები, რა ინტერესები აქვთ ადამიანებს, რომელ ადამიანს როგორი ინტერესი აქვს და როგორ შეიძლება, მათთვის ახსნა, შენ რა იდეები გაქვს.


როგორც თქვენ აღნიშნეთ, კეთილდღეობა ყველა ეტაპზე სხვადასხვანაირად აღიქმებოდა, დღეს 2016 წლის არჩევნებისთვის რა სჭირდება ქართველ ხალხს, რა უნდა შესთავაზოს პოლიტიკურმა ძალამ საზოგადოებას, რომ მხარი დაუჭირონ მას?


თქვენ მისვამთ შეკითხვას, რომელიც ყველა პოლიტიკურ პარტიას უდგას დღეს. პოლიტიკურმა ძალამ კონკრეტული მოგებები არ უნდა შესთავაზოს მოქალაქეებს, ადამიანების ჯგუფები სხვადასხვანაირია, ვის რა უნდა შესთავაზო, რა სჭირდება, დასადგენია. დღეს საქართველოში ნომერ პირველი პრობლემა ყველა კვლევის მიხედვით არის უმუშევრობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იყო გარკვეული პერიოდის წინ, დღეს სამუშაო ადგილებია პირველ ადგილზე. მარტო ჩვენთან არ არის ეს პრობლემა, მსოფლიოში ერთ-ერთი უსერიოზულესი საკითხია. ეკონომიკის სწორად, რაც შეიძლება სწრაფად განვითარება - ეს არის მნიშვნელოვანი თემა, ყველა პოლიტიკური ძალა ხედავს ამას, ყველამ იცის, რომ ეს მნიშვნელოვანია. მილიონი სამუშაო ადგილი რომ იყო შევარდნაძის დროს, რეალურად შევარდნაძემ მილიონი სამუშაო ადგილი გარკვეული თვალსაზრისით შექმნა. 2500 კვ.მ დაურიგა ყველა გლეხს, მილიონზე მეტ ადამიანს. მაშინ კერძო საკუთრება არ არსებობდა, პირველად მოხდა, რომ დაურიგეს მიწები, სადაც შეგეძლო, მოგეყვანა კარტოფილი, გყოლოდა ძროხა და ასე შემდეგ, ადრე ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონდათ. გამართლება მოუძებნა შევარდნაძემ, მე შევქმენი მილიონი სამუშაო ადგილიო. ეს საკმარისი აღარ არის, ახლა ჩვენ სხვანაირი სამუშაო ადგილები გვჭირდება. ადამიანს სურს, ისე იცხოვროს, რომ იმ სტანდარტს დაუახლოვდეს, რაც მას ჰგონია, კარგი ცხოვრებისთვის არის საჭირო. მას უნდა ჰქონდეს საზღვარგარეთ წასვლისა და გასეირნების შესაძლებლობა, მანქანაში საწვავის ჩასხმის საშუალება. ისეთ სამუშაო ადგილზეა ლაპარაკი, ღირსებას რომ შეგინარჩუნებს, მოგცემს შესაძლებლობას, იგრძნო თავი სრულყოფილ ადამიანად.

 

ავტორი: ხატია შამანაური

კატეგორიები
რეიტინგული მასალები
პრომო ბანერი
image