logo_s_n
კატეგორია: პოლიტიკა
2016-03-18
ნანახია 34618-ჯერ

საზოგადოების პასუხი და რეაქცია გავრცელებულ კადრებზე იყო საკმაოდ იმედისმომცემი

image

ინტერვიუ პოლიტოლოგ გია ნოდიასთან

 

ბატონო გია, ბოლო დღეებში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა და კიდევ დაანონსებულია რამდენიმე პოლიტიკოსის შესახებ ვიდეომასალის გამოქვეყნება. სად ხედავთ მთავარ მიზეზებს, რატომ ხდება ის, რაც ხდება?

 

კონკრეტულად რომ შევაფასო, ვინ აკეთებს და რისთვის, არ შემიძლია, მარჩიელობა იქნება. არ ჩანს ძალიან გამოკვეთილად, რა პოლიტიკური ინტერესი შეიძლება, ჰქონდეს ამის გამკეთებელს, ამაზე ასეთი ცალსახა შეფასებისგან თავს შევიკავებ. გასაგებია, რომ ჩვენთან კომპრომატების კულტურა თანდათან ვითარდებოდა, როგორც ჩანს, გარკვეული ლოგიკური ჯაჭვია, რომელმაც ასეთ ეტაპამდე მიგვიყვანა, როდესაც კონკრეტულ პოლიტიკოსს უდებენ პირადი ცხოვრების ამსახველ პორნოვიდეოებს პრაქტიკულად. ცხადია, პირველ რიგში, ყველას ახსენდება ნაციონალური მოძრაობის დროს გავრცელებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, რომლითაც ხდებოდა პოლიტიკური ფიგურების კომპრომეტაცია, მაგრამ იქ მაინც შინაარსი უშუალოდ პოლიტიკურად რელევანტურ - პოლიტიკურ საკითხებზე იყო. ვთქვათ, ბადრი პატარკაციშვილი როგორ აპირებდა გადატრიალების მოწყობას, ან ვიღაცას ჰქონდა კავშირი კანონიერ ქურდებთან, რუსეთის საელჩოს ანგარიშს აბარებდა და ასე შემდეგ. თავისთავად შინაარსი ამ ჩანაწერებისა ერთგვარად ლეგიტიმური ინტერესის საგანი იყო, მაგრამ როგორ ხდებოდა, ეს იწვევდა გარკვეულ შეკითხვებსა და პროტესტს, ჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება სისტემურად უსმენდა ოპოზიციას, მის კრიტიკოსებს  და მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩანაწერებში იყო კანონის დარღვევის აშკარა ნიშნები, შემდეგ ამას სასამართლო და რეალური განაჩენები არ მოჰყვებოდა, ამით მთავრდებოდა ყველაფერი. გამოდიოდა, რომ სახელმწიფოს აქვს ეს რესურსი, მოუსმინოს, გადაუღოს სხვადასხვა ადამიანს და ამ რესურსით მანუპილირებას ახდენს, როცა პოლიტიკურად აწყობს, რაც აწყობს, როგორც აწყობს, ისე აჩვენებს ხალხს, რაც მის ინტერესებში არ შედის, იმას არ აჩვენებს. ჩანაწერები თუ ასახავს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, ამისთვის ფაქტობრივად არ ისჯებიან. ასეთ პრეტენზიას ჰქონდა ადგილი ნაციონალური მოძრაობის მიმართ და ერთგვარი ისტერიკაც იყო, რომ ყველას გვისმენენ, ლაპარაკის გვეშინია. ახლა ჩვენ ვიგებთ, რომ იმ დროს პირადი ცხოვრებისა და სექსუალური ურთიერთობების ამსახველი ვიდეოებიც კეთდებოდა, ანუ ამ ტიპის თვალთვალიც იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საჯარო სივრცეში არ გადიოდა და ამაზე საუბარი არ იყო, რომ შეიძლება, ვინმეს რაღაც დაუდონ. ეს საკითხი არ არსებობდა პრაქტიკულად. ახალი ხელისუფლების პირობებში ტაბუ მოეხსნა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებას. შეიძლება, ითქვას, რომ ახალი ხელისუფლება ამით მოვიდა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი როლი, ვერ გავზომავთ ზუსტად რამხელა, მაგრამ მნიშვნელოვანი როლი გამარჯვებაში შეასრულა ციხის ვიდეოებმა, იქ კი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ცოცხით გაუპატიურების სცენამ, სადაც, როგორც ჩანს, გარკვეულ მონტაჟსაც ჰქონდა ადგილი, არ იყო ავთენტური, ერთგვარად გათამაშებული იყო, მაგრამ ცოცხისა და გაუპატიურების თემამ სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა. ციხეში დარღვევების გამომზეურება თავისთავად ლეგიტიმურია, მაგრამ სექსუალურ მოტივზე გაკეთდა ძირითადი აქცენტი, ამის შემდეგ აქტუალური გახდა, როგორც მინიმუმ ამაზე ლაპარაკი, რომ ვიღაცას დაუდებენ სექსუალური ხასიათის ვიდეოებს და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ხალხი - ბუკა პეტრიაშვილი და მისი მეუღლე, გიორგი პაპუაშვილი საუბრობენ იმაზე, რომ შანტაჟს უწყობდნენ, აშინდებდნენ, ასევე ინგა გრიგოლია. ერთმა მოქალაქემ რომ თქვას, იტყვი, რომ შეიძლება, რაღაც მოტივი აქვს და იტყუება, მაგრამ, როდესაც ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ადამიანები ამას ამბობენ, გაქვს საფუძველი, იფიქრო, რომ ამან რაღაც სისტემური ხასიათი მიიღო და ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული, ამ შემთხვევაში გასაგებია, რომ ხშირად აპელირება ხდება იმაზე, როდის გადაიღეს ეს ვიდეოები, შეიძლება, ზოგ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის დროს გადაღებული მასალები ჩაუვარდათ ხელში ამ ხელისუფლებას და იყენებს, თუმცა ბუკა პეტრიაშვილსა და ეკა მიშველაძეზე შეუძლებელია ძველი ვიდეოები იყოს. ასეთი რაღაცების გადაღება ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან ცუდი და მიუღებელია, მაგრამ მათი გავრცელებით შანტაჟი უკვე ახალი საფეხურია, ეს დაკავშირებულია ახალ ხელისუფლებასთან. ცხადია, რომ ციხის ვიდეოები განსაკუთრებული შემთხვევაა, მაგრამ ჟურნალისტის ჰომოსექსუალური ცხოვრების ამსახველი კადრები რომ გავრცელდა და ხვედელიძე რომ გაათავისუფლეს სამსახურიდან, ეს იყო პირველი სიგნალი. გასაგებია, ამის გამო ხვედელიძე რაღაც ფორმით დაისაჯა, შესაძლოა, არასაკმარისად, თუმცა რაღაცნაირად დაისაჯა, მარტო ეს ეპიზოდი რომ ყოფილიყო, ვიტყოდით, რომ ნუ მოხდა და ხელისუფლების მხრიდან ეს არ არის კრიტიკოსებთან, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან ბრძოლის სისტემური მეთოდი, მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი ერთად ვიცით, ასევე იყო წამოცდენებიც, გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამები ალასანიას შესახებ, შემდეგ ოპოზიციურ პოლიტიკოსზე ვიდეოც დაიდო, ეს უკვე მთლიანობაში გვაფიქრებინებს, როგორც მინიმუმ, ვიღაც ხელისუფლებაში თვლის, რომ ეს შეიძლება, იყოს მეთოდი ოპონენტებთან ბრძოლისა, იქნება ის ოპოზიცია, ჟურნალისტები თუ კრიტიკოსები.

 

თქვენი აზრით, ეს პროცესები ყველაზე მეტად ვის ინტერესებში შეიძლება, შედიოდეს?

 

ყველაზე ბუნებრივია, რომ ასეთი მეთოდების გამოყენება არის დაშინების მცდელობა, დაშინება ეხება არა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანს, რომელსაც უდებენ რაღაცას, ან ემუქრებიან, რომ დაუდებენ, არამედ ყველას, ვინც ხელისუფლების კრიტიკოსია, ვისი „გაფუჭებაც" შეიძლება, უნდოდეს მმართველ გუნდს. ადამიანს შეიძლება, გაუჩნდეს შიში, რომ მის წინააღმდეგაც შეიძლება დაიდოს, თუ წესიერად არ მოიქცევა, არ ვიცით, მაგრამ ბევრ ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს დასამალი ცხოვრებაში და არ უნდოდეს არავითარ შემთხვევაში, რომ სხვამ ნახოს. თუ ეს ვიგულისხმეთ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაა დაინტერესებული იმით, რომ მისი ოპონენტები შეშინებული იყვნენ და ვერ ბედავდნენ მასთან დაპირისპირებას. თეორიულად შეიძლება, დავუშვათ, რომ ამ პროცესში რუსეთი მონაწილეობს, რომ გარკვეული არეული ან ნევროტული სიტუციის შექმნა, უფრო მძაფრი დაპირისპირება პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის რუსეთის გეგმის ნაწილია, მაგრამ ეს ალბათ უფრო აბსტრაქტული სპეკულაციაა, თუმცა გამორიცხული ესეც არ არის. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლების შიგნით სხვადასხვა ჯგუფს შორის ბრძოლა მიდის, რომელიმე დაჯგუფებას რაღაც ინტერესები აქვს, რასაც შეიძლება, მე ვერ მივხვდე და ამ გზით უპირისპირდება სხვებს, რადგან ჩირქი ეცხება ხელისუფლებასაც, ეს არის ძალიან აბსტრაქტული ვარაუდები.

 

არჩევნებამდე სულ რაღაც რამდენიმე თვე რჩება, თქვენი შეფასებით, ამ პროცესების შედეგად ყველაზე მეტს ვინ კარგავს? ვინ არის ყველაზე წამგებიან პოზიციაში, რას კარგავს ხელისუფლება, რას კარგავს სხვადასხვა ოპოზიციური პარტია?


კონკრეტული პოლიტიკოსი, ვის წინააღმდეგაც დაიდო ვიდეო, ცხადია, ნებისმიერ შემთხვევაში წამგებიან მდგომარეობაშია, მაგრამ როდესაც ასეთი რამ ხდება, პირველ რიგში, ხელისუფლება არის ეჭვმიტანილი, თუ შეიძლება, ასე ითქვას. ყოველ შემთხვევაში საზოგადოების დიდი ნაწილის თვალში ის არის წაგებული. ვიდეოს გამავრცელებელი შესაძლოა, არ ელოდა საზოგადოების ასეთ რეაქციას იმ კუთხით, რომ კრიტიკა და აგრესია წავიდა ვიდეოს დამდებისკენ და არა იმ პერსონაჟისკენ, რომელიც ვიდეოშია. შესაძლოა, ის თვლიდა, რომ იმ ადამიანის დისკრედიტაცია მოხდებოდა, ამას აიტაცებდნენ სოციალური ქსელები და იმ პერსონის სახელის დემონიზაცია დაიწყებოდა. რამდენად გათვლილი ჰქონდა ვიდეოს დამდებს საზოგადოების ასეთი რეაქცია? რომ ამ ვიდეოს დადება გახდა დანაშაული და არა ის, რაც იქ არის აღბეჭდილი, შეიძლება, ვიფიქროთ, რომ მან შეცდომა დაუშვა და არ გაითვალისწინა ეს რეაქცია.

 

თქვენი აზრით, რამდენიმე წლის წინ რომ მომხდარიყო მსგავსი რამ, საზოგადოების მხრიდან განსხვავებული რეაქცია იქნებოდა?

 

რთული სათქმელია. ესეც ვარაუდია, შეიძლება, სხვა რეაქცია ყოფილიყო, მაგრამ მგონია, რომ თავისთავად ეს პროტესტი - ფარული ჩანაწერები იქნება, ვიდეო თუ აუდიო, თანდათან მწიფდებოდა საქართველოში, დაიწყო სხვადასხვა კამპანია, ეს რომ ცუდია ზოგადად და მით უმეტეს სექსუალურ ცხოვრებას თუ ეხება, ამის შესახებ საზოგადოებრივი აზრი თანდათან ყალიბდებობდა, შეიძლება, დავუშვათ, რომ 90-იან წლებში მსგავს რამეს მთლად ასეთი ცალსახად ნეგატიური რეაქცია არ მოჰყვებოდა, აგრესია იმ ადამიანების მიმართ, ვინც ასეთ ვიდეოებს იღებს და ავრცელებს.

 

თქვენ თვლით, რომ მსგავსი კადრების გამოქვეყნება დღეს პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის ეფექტური გზა აღარ არ არის?


კონკრეტული პოლიტიკოსის მიმართ შესაძლოა, ეფექტური აღმოჩნდეს, მაგრამ უფრო მეტად ბუმერანგივით ურტყამს გამავრცელებელს, თუკი საზოგადოებას აქვს ნათელი წარმოდგენა იმაზე, ვინ დებს. ამიტომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს თემის შეცვლას, ყურადღების გადატანას იმაზე, ვინ გადაიღო. ჩვენ არ გადაგვიღია და თუ ჩვენ არ გადაგვიღია, რა ვიცით, ვინ გაავრცელა, მოდი, იმაზე ვილაპარაკოთ, ვინ გადაიღო. ცხადია, ეს არ არის საკამათო, რომ ვინც გადაიღო, ის დამნაშავეა ნებისმიერ შემთვევაში, მაგრამ გავრცელება, ეს არის ახალი, სხვა რანგის დანაშაული და ფაქტია, რომ გავრცელებაზე და ამაზე ლაპარაკი დაიწყო ახალი ხელისუფლების დროს, წინა ხელისუფლების პერიოდში ეს თემა არ არსებობდა.

 

დღეს რა ბერკეტები აქვს საზოგადოებას, რომ ამ ძალამ საკუთარ მიზანს ვერ მიაღწიოს?

 

ჩემი აზრით, საზოგადოების პასუხი და რეაქცია იყო საკმაოდ იმედისმომცემი, ფაქტობრივად მორალური კონსენსუსია იმაზე, რომ დაუშვებელია ასეთი მეთოდებით ბრძოლა, რომ ის, ვინც ასეთი მეთოდებით ბრძოლას აირჩევს, დამარცხდება, ეს მას შემოუტრიალდება, მორალური კონსენსუსი უნდა იყოს თანმიმდევრული და ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალება მსგავსი რამის წინააღმდეგ საბრძოლველად, ეფექტური საშუალება უნდა იყოს სამართლებრივი ნაბიჯები, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არც ერთ სფეროში რაიმე დამაჯერებლად გამოძიებული არ გვინახავს.

 

თქვენი აზრით, ამ კადრების გამოქვეყნებამ ყველაზე ნათლად რა გამოაჩინა, როგორი ხელისუფლება გვყავს, როგორი საზოგადოeბა, როგორი ოპოზიცია?

 

როგორც მინიმუმი, საუკეთესო შემთვევაში ეს ხელისუფლების უნიათობას აჩვენებს, ასეთი კადრების გადაღება ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ჩავთვალოთ, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს მოხდა, მენეჯმენტი ასეთი საკითხებისა ხელისუფლების ხელშია. მან უნდა აღკვეთოს, ეს არის მინიმალური ბრალდება მმართველი გუნდის მიმართ.

 

შექმნილ სიტუაციაში სად ხედავთ გამოსავალს, როგორ უნდა დასრულდეს ეს ჯაჭვი?

 

უნდა გამოძიონ, პირველ რიგში, უნდა ჩანდეს ნება ამაზე მუშაობისა, როდესაც ჩვენ გვესმის, რომ მარტო დადებაზე არ არის, არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ გვემუქრებოდნენ, ვთქვათ, გიორგი პაპუაშვილი, ამ განცხადებას დაცინვით ხვდება ხელისუფლება, ვიღაცები რაღაცებს იგონებენ, ხელისუფლებისგან არ ჩანს, რომ სერიოზულად უყურებენ, როგორც კომპლექსურ პრობლემას. ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლებას არ სურს ამის გამოძიება, რადგან ამის გამკეთებელიც რაღაცნაირად თავად არის, ეს განცდა ჩნდება და არ უნდა ქმნიდეს ასეთ შთაბეჭდილებებს.

 

ავტორი: ხატია შამანაური

კატეგორიები
რეიტინგული მასალები
პრომო ბანერი
image