logo_s_n
კატეგორია: პოლიტიკა
2016-03-28
ნანახია 2847-ჯერ

არც ერთ ეტაპზე რაიმე ბმა ვიზის ლიბერალიზაციასა და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას შორის არ ყოფილა

image

ინტერვიუ ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერ ვანო ჩხიკვაძესთან

 

ბატონო ვანო, ევროპის სახალხო პარტიამ 21 იანვარს მხარი დაუჭირა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას, შესაბამის რეზოლუციაში ეწერა, რომ ეს უნდა მომხდარიყო დაუყოვნებლივ, გადავადების გარეშე. საინტერესოა, დღეს რატომ ვისმენთ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტისგან, რომ ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზის ლიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი გზით?

 

სიმართლე გითხრათ, ყველა მაგას მეკითხება, ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი მაქვს - მე არ ვიცი, რას უკავშირდება ეს განცხადება - არის ეს ამ პიროვნების ნაკლები ინფორმირებულობა თუ დეტალების არცოდნა, რაც ნაკლებად სავარაუდოა. ამის მიზეზი რა შეიძლება, იყოს, ნამდვილად არ ვიცი. ევროპის პარლამენტი არის, ერთადერთს ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის. მეტსაც გეტყვით, ევროპის პარლამენტს თავის დროზე მიღებული აქვს რეზოლუცია, ერთადერთია ამ შემთხვევაში ევროკავშირის ინსტიტუტებიდან, რომელიც ამბობს, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და ის აკეთებს მინიშნებას ევროკავშირის 49-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, თუ ის დააკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, აქვს გაწევრიანების შესაძლებლობა. ამის ფონზე ასეთ განცხადებას რომ ვისმენ, ჩემთვის მინიმუმ დამაბნეველია იმიტომ, რომ არანაირი ლოგიკა იმ განცხადებასა და ამ განცხადებას შორის არ არსებობს. არის ერთი რეზოლუცია, რომელსაც ჩემთვის ბევრად უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე თუნდაც ევროპის პარლამენტის სახალხო პარტიის ყველაზე დიდი ჯგუფის გაერთიანების პრეზიდენტის ამ განცხადებას. ეს განცხადება, ვფიქრობ, რომ საყურადღებოა, მაგრამ ამაზე განგაშის ზარების შემოკვრა, არ არის საჭირო, ეტაპობრივად უნდა გაგრძელდეს მუშაობა ისე, როგორც აქამდე მიმდინარეობდა.

 

რა ძალა აქვს ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის განცხადებას, მის პოზიციას გაიზიარებენ ევროპარლამენტის წევრები მისი პარტიიდან?

 

არ მგონია, რომ ეს იყოს გადაწყვეტილება, რომელსაც აბსოლუტურად ყველა მისი საპარლამენტო ჯგუფიდან უჭერდეს მხარს იმდენად, რამდენადაც, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ევროპის პარლამენტის საკმაოდ დიდმა ჯგუფმა დაუჭირა მხარი თავის დროზე რეზოლუციას, რომელიც მივიღეთ 21 იანვარს, სადაც ეწერა, რომ საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს უვიზო მიმოსვლა. აქედან გამომდინარე არ მგონია, რომ 215-ვე წევრი ევროპარლამენტისა, რომელიც არის ევროპის სახალხო პარტიის წევრი და ეს არის ყველაზე დიდი ჯგუფი, სრულად იზიარებდეს იმას, რაც ჩვენ მოვისმინეთ.


რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ შექმნილ ვითარებაში იმისთვის, რომ ეს განცხადება არ გაიზიარონ სხვა ადამიანებმა?


რამდენიმე მიმართულებით უნდა იმუშაოს საქართველოს ხელისუფლებამ. პირველი, ეს ადამიანი ხუთშაბათს საქართველოში ჩამოდის, შესაბამისად, კარგი იქნება მასთან შეხვედრა და ამ ყველაფრის ახსნა, რატომ დაუკავშირა ეს საკითხი არჩევნებს მაშინ, როდესაც არც ერთ ეტაპზე ვიზის ლიბერალიზაციისა, ეს საკითხი არ განხილულა და ბმაში არ ყოფილა. მეორე, პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომლებიც არიან ევროპის პარლამენტში და ძალიან ახლო კავშირი აქვთ ქართულ ოცნებასთან, ხელისუფლებამ უნდა თხოვოს მათ, მჭიდროდ ითანამშრომლონ ევროპის სახალხო პარტიასთან, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ სოციალ-დემოკრატებს, რომელიც არის მეორე ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი ევროპის პარლამენტში. მესამე, ეს არის ინდივიდუალურ რეჟიმში სამუშაო - თითოეულ წევრ ქვეყანასთან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ და ძალიან ხშირად უნდა იყოს შინაგან საქმეთა და იუსიტიციის მინისტრების ვიზიტები. რადგან სწორედ იმ ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები იღებენ ერთ-ერთ ეტაპზე გადაწყვეტილებას და კარგია, რომ თუ არსებობს რაიმე კითხვები, მოიხსნას.

 

ხელისუფლების მხრიდან ხედავთ შეცდომებს, რამაც შესაძლოა, ამ განცხადებამდე მიგვიყვანა?

 

ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ვერ ვხვდები, 21 იანვრიდან 26 მარტამდე რა შეიძლება, ყოფილიყო ისეთი? რა თქმა უნდა, შეცდომები ყველგან ხდება, არავის გამართლებას არ ვაპირებ, მაგრამ ვერ ვხედავ, რა ფატალური შეცდომა შეიძლებოდა, ყოფილიყო, რომ მივეყვანეთ ამ განცხადებამდე. კიდევ ერთხელ ვიტყვი - ეს განცხადება საყურადღებოა, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა, ნამდვილად არა, მჯერა, ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი, რომელმაც თავისუფალ მიმოსვლამდე უნდა მიგვიყვანოს, თითქმის დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში დადებითად დასრულდება.

 

არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება რაიმე ფორმით რომელიმე ეტაპზე დაკავშირებული იყო ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან?

 

სამოქმედო გეგმა გადმოგვეცა 2013 წლის 25 თებერვალს. ეს არის 14-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც 4 დიდი ბლოკისგან შედგება და ყოველ ჯერზე საქართველოს ჰქონდა ე.წ. benchmark-ები შესასრულებელი. მაგალითად, იყო ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, რომელიც იყო ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნა, მაგალითად, გვქონდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაუმჯობესება გარკვეულ სტანდარტამდე, პერსონალურ დაცვის ინსპექტორის ოფისის შექმნა, ასევე, საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცება, თავშესაფრის პოლიტიკის ჩამოყალიბება ან გაუმჯობესება, რომელიც ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობდა, შეიძლება, ითქვას. ყველა ჯერზე ეს უკავშირდებოდა კონკრეტულ ნიშნულებს. არც ერთ ეტაპზე რაიმე ბმა ვიზის ლიბერალიზაციასა და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას შორის არ ყოფილა 3 წლის მანძილზე. უფრო მეტიც, 18 დეკემბერს ევროკომისიამ დადო დასკვნა, სადაც ამბობს, რომ საქართველომ აბსოლუტურად ყველაფერი შეასრულა, რაც კი მოეთხოვებოდა. აქედან გამომდინარე, არ მესმის, საიდან გაჩნდა ეს თემა.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლა მიიღოს არჩევნებამდე?

 

უვიზო მიმოსვლის მიღება არჩევნებამდე არ არის პანაცეა იმისთვის, რომ გაიმარჯვონ პროევროპულმა ძალებმა საქართველოში. ეს არ ნიშნავს, რომ უვიზოდ მიმოსვლის შემთხვევაში ანტიევროპულ და პრორუსულ ძალებს არა აქვთ შანსი, გარკვეულ შედეგს მიაღწიონ. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ დაეხმარება პროევროპულ ძალებს, უფრო მეტი მხარდაჭერის მობილიზება შეძლონ ქვეყანაში, ეს ხელს არ შეუწყობს იმას, რომ პრორუსულმა ძალებმა შეძლონ გარკვეული ხმების თავისკენ გადაქაჩვა. ეს არ ნიშნავს, რომ თუ უვიზო მიმოსვლა გვექნება, აუცილებლად პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ, კიდევ ერთხელ ვამბობ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სანამ საქართველოს მოქალაქე წავა არჩევნებზე, მას ჰქონდეს მიღებული კონკრეტული სარგებელი და კითხვაზე, რაც ხშირად ისმის - რას გვაძლევს ევროპა? გარკვეულწილად უვიზო მიმოსვლა პასუხს მისცემს მოქალაქეებს, ისინი არჩევნებზე წავლენ ამ კითხვის ნიშნის გარეშე. მათ ეცოდინებათ, რა მოგვცა ევროპამ და რატომ უნდა დაუჭირონ მხარი იმ ძალებს, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციას ემხრობიან. დავუშვათ, არ მოგვცეს უვიზო მიმოსვლა, ეს ნასროლი ქვა მოხვდება რიგით მოქალაქეებს, რომლებიც დიდი ხანია, ელოდებიან ამას, მოლოდინი ძალიან გაზრდილია. როდესაც ევროინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი თემა, რაც უდიდეს ინტერესს იწვევს, სწორედ უვიზო მიმოსვლაა, ეს გამოიწვევს დიდი იმედგაცრუებას, რაც დიდი ალბათობით აისახება მორიგ არჩევნებზე.

 

უვიზო მიმოსვლა რომ არ შევიდეს ძალაში არჩევნებამდე, ეს ყველაზე მეტ სარგებელს რომელ პოლიტიკურ ძალას მისცემს?


ცალსახად, ეს იქნებიან პრორუსული ძალები, რომლებიც კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ ევროპამ მოატყუა საქართველო, კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ ევროპა რაღაცას გვპირდება, მაგრამ არასდროს არაფერს აკეთებს, რომ არ არის აუცილებელი ამდენი ვიწვალოთ, არის ჩვენი მეზობელი სახელმწიფო - რუსეთი, რომელიც ხანდახან გამოჩნდება და გააკეთებს მინიშნებას, რომ შეიძლება, ფიქრობდეს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებაზე.

 

თეორიულად თუ არსებობს შანსი, რომ ევროკავშირმა გადაუხვიოს ევროკომისიის დასკვნას, რეზოლუციას და შეცვალოს გადაწყვეტილება, ასეთი პრეცენდენტი ყოფილა?


თეორიულად, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება, მაგრამ თუ ვნახავთ ბოლო წლების პრაქტიკას, მსგავსი რამ არ მომხდარა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ევროპარლამენტს ჩაეგდოს საკითხი, როცა საქმე ეხება უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან, ეს გზა ჩვენზე ადრე გაიარეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა, ცოტა მოგვიანებით გაიარა მოლდოვამ, გადიან და გადიოდნენ ამ გზას სამხრეთ ამერიკის ქვეყნები. იქ დემოკრატიას ნამდვილად აქვს პრობლემები, ვერ ვიტყვით, რომ ამ თვალსაზრისით სრულყოფილებაა, მაგრამ მე არ მახსოვს, რომ ევროპარლამენტს დაებლოკოს საკითხი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, თუ არის ევროკომისიის დადებითი დასკვნა. მეორე მხრივ, ეს ნიშნავს უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას ევროკომისიისა, რადგან დადებითი დასკვნის შემთხვევაში უარყოფითი პასუხი - ეს ნიშნავს, რომ ევროკომისიის შეფასებას არ ეთანხმება ევროპის პარლამენტი. ეს არ არის ტრაგედია, მაგრამ ძალიან უხერხული მდგომარეობაა.

 

საინტერესოა მოლდოვის მაგალითი, რა პოლიტიკური სიტუაცია იყო მაშინ, როდესაც ქვეყანას უვიზო მიმოსვლა მისცეს?

 

მოლდოვამ ეს გზა ჩვენზე ადრე გაიარა, გაცილებით ადრეც დაიწყო. სწორედ მოლდოვიდან მოდის ეს თემა, რომ არჩევნების წინ მისცეს მათ უვიზო მიმოსვლა. ხშირად გვესმის კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლებოდა, ეს არჩევნებამდე უფრო ადრე მომხდარიყო. მოლდოვაში უვიზო მიმოსვლა ძალაში შევიდა 2014 წლის აპრილში, არჩევნები კი ჩატარდა გვიან შემოდგომაზე, უფრო ახლოს რომ მიეცათ უვიზო მიმოსვლა, იყო ვარაუდი, რომ შეიძლებოდა, პრორუსულ ძალებს ასეთი კარგი შედეგი არ ეჩვენებინათ.

 

ასე გამოდის, რომ ევროკავშირის ინტერესებშიც შედის, არჩევნებამდე მოგვცენ უვიზო მიმოსვლა...

 

ცხადია, ეს ბუნებრივია. ამას შეიძლება, ღიად არ ამბობდნენ, მაგრამ კულუარულად ბევრი აცხადებს, რომ არჩევნების წინ სჯობს მოხდეს ეს, რათა პროევროპულ ძალებს ჰქონდეთ სათქმელი, რა შედეგები მოიტანა ევროინტეგრაციამ, პრორუსულ ძალებს კი არ გაუჩნდეთ საბაბი იმისა, რომ კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ქვეყნის ევროპული არჩევანი და ამან არ გამოიწვიოს იმედგაცრუება მოსახლეობაში.

 

ავტორი: ხატია შამანაური

კატეგორიები
რეიტინგული მასალები
პრომო ბანერი
image