logo_s_n
კატეგორია: პოლიტიკა
2016-06-12
ნანახია 4985-ჯერ

იყო გეგმა, როგორ მიეყვანათ თეირანი მოლაპარაკების მაგიდასთან ატომურ სადგურებზე თავდასხმის გარეშე

image

ირანისა და აშშ-ის ურთიერთობებზე “სოციალური ქსელი“ ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის მკვლევარს, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორს როს ჰარისონს ესაუბრა.

 

ფიქრობთ, თუ არა, რომ ირანის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა ბარაკ ობამას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა საგარეო პოლიტიკაში? ეს საუკეთესო გამოსავალი იყო შექმნილ სიტუაციაში?


დიახ, მიმაჩნია, რომ ეს იყო პრეზიდენტ ობამას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, პირველი - კონფლიქტი, რომელიც შეიძლებლოდა, სამხედრო კონფრონტაციაში გადაზრდილიყო, მშვიდობიანი დიპლომატიური რეზოლუციით დასრულდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ შეთანხმების შედეგად საერთაშორისო საზოგადოების ყველა მთავარი მოთამაშე ერთი მაგიდის გარშემო აღმოჩნდა. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ბირთული იარაღის გაუვრცელებლობას. ასე რომ, ვფიქრობ, ეს ობამას ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იყო საგარეო პოლიტიკაში.


თვლით, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანთან მიმართებაში საკუთარ მიზანს მიაღწია?


დიახ, ვფიქრობ, რომ იყო მიზნები, რომლისთვისაც დაუყოვნებლივ უნდა მიეღწიათ და ასევე, იყო სასურველი მიზნები სამომავლოდ. ერთ-ერთი მიზანი, რომლისთვისაც დაუყოვნებლივ უნდა მიეღწიათ, მზარდი საფრთხის შეჩერება იყო. შეერთებული შტატები, ისრაელი და საერთაშორისო საზოგადოების სხვა წევრები ხვდებოდნენ, ირანის ბირთვულ პროგრამაზე სიტუაციის ესკალაციას რა შეიძლებოდა, მოჰყოლოდა, ამიტომაც დეესკალაცია იყო ის, რისი მიღწევაც სურდათ. რაც შეეხება სასურველ მიზანს, ეს არის კიდევ უფრო ფართო და გულისხმობს შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას. ეს სამომავლო სასურველი მიზანია.


რა იქნება მომდევნო ნაბიჯი შეერთებული შტატების მხრიდან ირანთან მიმართებაში?


არ ვფიქრობ, რომ უნდა იყოს აუცილებლად მომდევნო ნაბიჯი. მთავარი, რაც შეერთებულმა შტატებმა უნდა გააკეთოს, ეს არის შეთანხმების შენარჩუნება. ახლა აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიაა, პრეზიდენტის ერთ-ერთმა კანდიდატმა დონალდ ტრაპმა კი განაცხადა, რომ ეს იყო ძალიან ცუდი შეთანხმება, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში კი ის გააუქმებს ამას. პირველი ნაბიჯი უნდა გულისხმობდეს შემდეგს, ორივე მხარემ უნდა დაიცვას შეთანხმების პირობები. რაც შეეხება მომდევნო ნაბიჯებს, აქ მნიშვნელოვანია, რომ ბირთვული შეთანხმება გამოყენებული იყოს, როგორც პლატფორმა, ახლო აღმოსავლეთში სხვა მიზნების მისაღწევად.


რა არის ეს სხვა მიზნები ახლო აღმოსავლეთში?


ახლო აღმოსავლეთი კონფლიქტების კუთხით შეიძლება, ითქვას, რომ აფეთქდა - იემენი, სირია, ერაყი, ლიბია. ვფიქრობ, უნდა იყოს რაიმე სახის თანამშრომლობა, იქნება ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი, უნდა არსებობდეს რაიმე სახის ფორმალური თანამშრომლობა, რომლის მიზანიც ამ კონფლიქტების დასრულება იქნება. ყველა ეს კონფლიქტი ირანის მიზეზით არ შექმნილა, ადგილობრივი დინამიკაა სირიაში, იემენში, ერაყში, ლიბიაში. ასევე გარკვეული დინამიკაა ირანსა და საუდის არაბეთს შორის. ასე რომ, ვფიქრობ, უფრო ფართო მიზანს წარმოადგენს, ჩვენი ურთიერთობები გამოვიყენოთ ირანსა და საუდის არაბეთს შორის სიტუაციის დასარეგულირებლად, ვიმუშაოთ ერთობლივად, რათა დავასრულოთ იქ არსებული კონფლიქტები, რომელიც დამანგრეველია არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის.


თქვენი აზრით, ბოლო წლების განმავლობაში იდო თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების მაგიდაზე გეგმა, რომელიც ირანის წინააღმდეგ სამხედრო იერიშს გულისხმობდა?


სათადარიგო გეგმა გულისხმობდა ყველაფერს, მათ შორის უფრო კონკრეტულ და გაცილებით უფრო სადამსჯელო სანქციებს, რეგიონში ირანის ინტერესებზე თავდასხმას და უფრო ნაკლებად თავად ირანის წინააღმდეგ სამხედრო შეტევას, ასე რომ, არსებობდა გეგმა, როგორ მიეყვანათ თეირანი მოლაპარაკების მაგიდასთან მის ატომურ სადგურებზე თავდასხმის გარეშე. ვფიქრობ, რომ უკიდურესი სვლა, რაზეც შეერთებულ შტატები ფიქრობდა, იყო სპეციალური შეიარაღების გამოყენება, რის შედეგადაც ირანის ბირთვულ ობიექტებს გაანადგურებდა. ბევრი მათგანი ირანში მიწისქვეშ მდებარეობს, განსაკუთრებით ქალაქ ყუმთან, მის გასანადგურებლად სპეციალური აღჭურვილობა და ბომბებია საჭირო, რაც მხოლოდ შეერთებულ შტატებს აქვს, ისრაელსაც კი არა აქვს ასეთი ტექნიკა. იმ შემთხვევაში, თუ ირანი ბირთვულ იარაღთან ძალიან ახლოს იქნებოდა, შეერთებულ შტატებს ეს არჩევანი ჰქონდა. ვფიქრობ, რომ ობამას ადმინისტრაცია ასეთი შეტევის დაწყებამდე ყველა სხვა გზას მიმართავდა, მათ შორის, შესაძლოა, წერტილოვან დარტყმებს, რადგან როდესაც ასეთი ტიპის შეტევას იწყებ, არ იცი, რა მოხდება, როგორ განვითარდება მოვლენები.


რას ნიშნავს ბირთვული იარაღი ირანისთვის? რას წარმოადგენს ირანი ბირთვული იარაღით და ბირთვული იარაღის გარეშე?


ბირთვული იარაღით ირანს რაღაც მხრივ დაზღვეული პოლიტიკა აქვს რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებით. თუ მას ექნება ბირთვული იარაღი, შეერთებული შტატების ჩათვლით ვერავინ შეეცდება, თეირანის რეჟიმი დაამხოს. ბირთვული პროგრამა მას ასევე აძლევს შესაძლებლობას, იყოს უფრო აგრესიული კონვენციურ ფრონტზე. ვერ ვიტყვით, რომ ირანი აუცილებლად გამოიყენებდა ბირთვულ იარაღს, მაგრამ გაცილებით უფრო აგრესიული იქნებოდა კონვენციურ ძალებთან. ასევე, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ირანთან შეთანხმების უკან იდგა, იყო პრესტიჟი. ირანი მთავარი რეგიონული ძალაა, რომელიც ისტორიულად კონტროლდებოდა სხვადასხვა გარე ძალის მიერ, ხანდახან პირდაპირი გზით, ეს იყო საბჭოთა კავშირი, ბრიტანეთი, შემდეგ იყო ცივი ომი, ირანი აშშ-ს მოკავშირე გახდა, რევოლუციის არსი იყო შემდეგი - არც აღმოსავლეთი, არც დასავლეთი. ბირთვული იარაღი კი თეირანს აძლევს პრესტიჟსა და ადგილს საერთაშორისო საზოგადოებაში. ბირთვული პროგრამის გარეშე დარჩენა ირანს სულ მცირე აძლევს შესაძლებლობას, გახდეს საერთაშორისო საზოგადოების წევრი, რომ მისი ეკონომიკის ინტეგრირება მოხდეს საერთაშორისო სისტემაში, ხალხს ცხოვრების უკეთესი სტანდარტები ჰქონდეს და შანსი,იმოქმედოს, როგორც ქვეყანამ. ჰენრი კისინჯერმა გააკეთა ეს განცხადება, ირანმა უნდა გადაწყვიტოს, იმოქმედოს როგორც ერმა, თუ რაღაც იდეოლოგიური მიზნის გარშემო გაერთიანებულმა ჯგუფმა ან „სექტამ". ვფიქრობ, რომ ბირთვული შეთანხმება ირანს აძლევს უკეთეს მდგომარეობას, საერთაშორისო საზოგადოების კონტექსტში მოახერხოს პოზიციონირება, როგორც ქვეყანამ.


იმ შემთხვევაში, თუ ირანს ბირთვული იარაღი ექნება, რას შეცვლის ეს მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე?


თუ ირანს ბირთვული იარაღი ექნება, ეს სავარაუდოდ, რამდენიმე რამეს შეცვლის. საუდის არაბეთსა და კიდევ სხვა ქვეყნებს ექნებათ სურვილი, რომ მათ ასევე ჰქონდეთ ბირთვული იარაღი, რადგან ირანი ფლობს მას, სიტუაციის შესაძლო ესკალაცია კი ისედაც საშიშ ახლო აღმოსავლეთს კიდევ უფრო საშიშ რეგიონად გარდაქმნის. ირანი VS არაბული სამყარო და შესაძლოა, თურქეთიც გეოპოლიტიკურ რუკაზე დიდ ცვლილებებს გამოწვევს, რაც არ იქნება ჯანსაღი პროცესი რეგიონისთვის.


თქვენ მიგაჩნიათ, რომ ახლო აღმოსავლეთში საუდის არაბეთს, ირანს, ეგვიპტესა და თურქეთს შორის თანამშრომლობამ შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანია როლი შეასრულოს რეგიონში სიტუაცის სტაბილიზაციაში, ყოველივე ეს შედის შეერთებული შტატების ინტერესებში?


მე ასე ვფიქრობ. თანამშრომლობა არ ნიშნავს შეთანხმებას აბსოლუტურად ყველა საკითხზე. ისე არ იქნება, რომ ამ ოთხმა ძალამ შეერთებული შტატების წინააღმდეგ ითანამშრომლოს. ჩემი აზრით, მთავარი ისაა, რომ ამ ოთხ ძალას აქვს შესაძლებლობა და რესურსი, უკეთ ემსახურონ საკუთარ რეგიონს. ახლა ახლო აღმოსავლეთი არის სუსტად ფუნქციონირებადი რეგიონი, 4 ძალას ერთობლივად კი შეუძლიათ, გარდაქმნან გაცილებით უფრო სტაბილურ, კარგად ფუნქციონირებად ახლო აღმოსავლეთში, აქედან სარგებელს შეერთებული შტატებიც მიიღებს. დღეს ამ რეგიონიში არსებული მდგომარეობა არავისთვისაა ხელსაყრელი, 4 ძალას შორის თანამშრომლობა კი აშშ-სთვისაც რეგიონის ჯანსაღი მოწყობა იქნება.


რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ მდგომარეობას ქვეყანაში, არის თუ ირანში შედარებით პროდასავლური ძალა და შეერთებული შტატები თუ მუშაობს ამ მიმართულებით, რომ ირანში იყონ შედარებით პროდასავლური მოძრაობები?


ირანში არის მოსახლეობა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში პროდასავლურია. ქვეყანაში არ არის ძლიერი ოპოზიცია, მმართველ ელიტაში კი სხვადასხვა ფრაქციაა, ერთი - ირანის რევოლუციური გვარდია, რომელიც არის ძალიან კონსერვატიული და მიაჩნია, რომ ირანმა რეგიონში ძალიან სერიოზული როლი უნდა შეასრულოს, მეორე - აიათოლა და ასევე, პრეზიდენტი რუჰანი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მათზე ვერ ვიტყვი, რომ არიან პროდასავლურები, უფრო სწორი იქნებოდა, თუ ვიტყვით პრაგმატული, მათ სჯერათ, რომ ირანმა საერთაშორისო საზოგადოებაში ინტეგრირება უნდა მოახდინოს.


ხომ არ ფიქრობთ, რომ პრაგმატული მიდგომა პროდასავლურს გულისხმობს?

 

ვფიქრობ, რომ ირანის, როგორც სისტემის ლეგიტიმურობა, დიდწილად დამოკიდებულია მის თავისუფალი როლზე. მე ვხედავ ირანის ძალიან ძლიერ და დამოუკიდებელ როლს, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო ეკონომიკასთან, სწორედ ეს არის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია, არ ვფიქრობ, რომ ეს პროდასავლური როლია და მიმაჩნია, ძალიან საშიშია, თუ ამ მიდგომას პროდასავლურობას მივაწერთ, რადგან ეს მხოლოდ დელიგიტიმაზიცას გამოიწვევს და კონსერვატორების შეხედულებებს გააძლიერებს.


როგორ წარმოგიდგენიათ ირანი 25 წლის შემდეგ?


ბირთვული შეთანხმების მიღმა იყო იმედი, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან მეტად ინტეგრირებულ ირანში შიდა ცვლილებებიც მოხდებოდა. 25 წლის შემდეგ ირანში ვხედავ ძ₾იერ ახალ თაობას, ირანის პოზიციები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით რეგიონში უფრო გამყარდება, ირანში კვლავ იქნება სასულიერო კლასი, მაგრამ შესაძლოა, ცოტა სხვა ფორმით. ვფიქრობ, რომ ამ პერიოდის შემდეგ ნებისმიერი ლიდერი, რომელიც მოდის ხელისუფლებაში, ცდილობს ჰქონდეს რელიგიური მანდატი, რადგან ისლამური რესპუბლიკის ბირთვი ისლამია, მან უნდა შეძლოს, იყოს მიმზიდველი უფრო მეტად საერო-სეკულარული და უფრო თანამედროვე ახალგაზრდებისთვის, ვფიქრობ რუჰანი ასეთი ტიპის ლიდერია. ასეთივე იყო ხათამი, თუმცა, ჩემი აზრით, ის ცოტა ადრე იყო.


ფიქრობთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაგალითად, 25 წელიწადში ირანის ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორი, შესაძლოა, აშშ გახდეს?


ეს დიდწილად დამოკიდებულია შიდა პოლიტიკაზე, ასევე გეოპოლიტიკურ ინტერესებზე იმ დროისთვის, როგორ შეიცვლება ეს ინტერესები, თუმცა, უფრო მეტად შიდა პოლიტიკური პროცესები მოახდენს გავლენას ამაზე. საინტერესოა, რომ აშშ-ს ისეთივე განსხვავებული ფრაქციები აქვს, როგორც ირანს. მე უკვე ვთქვი, რომ ირანში რევოლუციური გვარდია აიათოლასთან ერთად კონსერვატულ ძალას წარმოადგენს, ასევე აღვნიშნე, რომ პრეზიდენტი რუჰანი და საგარეო საქმეთა მინისტრი უფრო პრაგმატულები არიან. დაახლოებით ასეთივე დინამიკაა შეერთებულ შტატებშიც. ჩვენთან არის ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ ირანის ბირთვული შეთანხმება ძალიან ცუდი შეთანხმებაა, ასევე არიან ისეთებიც, რომლებიც ირანს მტრად მიიჩნევენ, ზოგი კი თეირანთან კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარებას ემხრობა. ასე რომ, ეს დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, როგორ წარიმართება პროცესები ქვეყნებს შიგნით. ჩვენ არ ვიცით, რა იქნება 25 წლის შემდეგ, ისიც კი არ ვიცით, რა მოხდება ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებზე.


რა როლს ასრულებს აიათოლა აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობებზე?


ირანი ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაა, რადგან იქ არის ავტორიტარული ხელისუფლება, მაგრამ არა დიქტატურა, როგორ ეს ერაყში სადამ ჰუსეინის შემთხვევაში იყო. აიათოლა ხამენეი ყველაზე ძლიერი და გავლენიანია ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით. მას აქვს უნარი, რომ გადაწყვიტოს დავა პრეზიდენტსა და რევოლუციურ გვარდიას შორის. თუ ის იფიქრებს, რომ ბირთვული შეთანხმება ხდება ცუდი ირანისთვის, მას შეუძ₾ია, ამ შემთხვევაში მხარი დაუჭიროს კონსერვატიულ ფრაქციებს და პირდაპირ არ გაემიჯნოს შეთანხმებას, ის მხოლოდ მხარს არ დაუჭერს დოკუმენტს. დღეს ხამენეის ვხედავ, როგორც დამაბალნსებელს ამერიკასა და ირანს შორის ურთიერთობებში, ის მხარს უჭერს შეთანხმებას საკუთარი მოქმედებებით, სიტყვებითა და გამონათქვამებით კი აშშ-ს მიმართ ძალიან აგრესიულია. ვფიქრობ, რომ აიათოლა არის დამაბალანსებელი კონსერვატიულ და პრაგმატულ ძალებს შორის და მას შესწევს უნარი, ეს ბალანსი გადაწონოს სასურველი მიმართულებით.


ბოლოს, მინდა, გკითხოთ ტრამპთან დაკავშირებით, რომელიც ირანთან ბირთვულ შეთანხმებას ძალიან უარყოფითად აფასებს. როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები თეირანთან მიმართებაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს?


თუ მოვუსმენთ მის წინასაარჩევნო დაპირებებს, რაც აუცილებლად ყურადსაღებია, ტრამპი ამბობს, რომ ირანთან შეთანხმება არის ცუდი და მას შეუძლია, უკეთესი დოკუმენტი შეიმუშავოს. ეს არ იქნება მისთვის მარტივი. მან შეუძ₾ია უარი თქვას ბირთვულ შეთანხმებაზე და გვერდი აუაროს მას, თუმცა ამ შემთხვევაში ტრამპს ევროკავშირისთვისაც მოუწევს გვერდის ავლა, რადგან ეს შეთანხმება მხოლოდ ირანსა და აშშ-ს შორის კი არა, არამედ უშიშროების საბჭოს სხვა წევრებს შორისაც იყო.

 

 

ავტორი: ხატია შამანაური

კატეგორიები
რეიტინგული მასალები
პრომო ბანერი
image