logo_s_n
კატეგორია: საზოგადოება
2016-02-04
ნანახია 31563-ჯერ

სახელმწიფოს არა აქვს განათლებისა და მეცნიერების განვითარების მიზანი, მისი მიზანია არჩევნების მოგება

image

ინტერვიუ ილიას უნივერსიტეტის პროფესორ გიგი თევზაძესთან

 

ბატონო გიგი, თავდაპირველად მინდა, გკითხოთ ზოგადად განათლების მნიშვნელობაზე, ამ სისტემაში არსებული ხარვეზები რა პრობლემებს ქმნის ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით?


განათლება საბოლოო ჯამში დაკავშირებულია კეთლდღეობასთან. თუ ქვეყნის განათლებაში პრობლემებია, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ, იცხოვრონ კარგად. ეს, სამწუხაროდ, ძალიან ბევრს არ ესმის ამ ქვეყანაში. აღმოსავლური იდეაა, რომ განათლება ემსახურება არა წარმატებას, არამედ იმას, რომ კარგად გამოიყურებოდე - ეს განათლების ე.წ. „სალონური ხედვაა". ჩვენში არსებობს კიდევ ერთი იდეა, რომ წარმატებას სჭირდება არა განათლება, არამედ კავშირები და ნაცნობობა. საქართველოში ეს ვითარება ოდნავ შეიცვალა 2003 წლის შემდეგ, მაგრამ ბოლო კვლევები რაც ვნახე, გვაჩვენებს, რომ ბრუნდება 2003 წლის წინანდელი სიტუაცია.

 

რა გაძლევთ ამის ფიქრის საფუძველს?

 

2005 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებით ხელისუფლებამ შეზღუდა კორუფცია და დაადგინა წარმატების მიღწევის მერიტოკრატული საშუალება: მაშინ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რეგიონიდან ახალგაზრდები საკუთარი ცოდნის საფუძველზე მოხვდნენ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. ახლა ასე აღარ არის. თუ არ მეშლება, 2008 წელს ჩატარდა კვლევა კავკასიის ბარომეტრის ფარგლებში, რომლის თანახმადაც, პირველად მოხდა გარღვევა და ახალგაზრდების ცნობიერებაში წარმატება დაუკავშირდა განათლებას. დღეს, სამწუხაროდ, გამოცდების სისტემა ისევ არის დაკავშირებული ოჯახის შემოსავლებთან და პრესტიჟულობასთან, საგამოცდო სისტემა ისეა აწყობილი, რომ ძალიან ძნელია, რეპეტიტორის გარეშე ჩააბარო. კარგი რეპეტიტორი ძვირია, იმასაც ამბობენ, რომ კარგი რეპეტიტორი გამსწორებელია, გამოცდების ეროვნულ ცენტრში რომ მუშაობს. კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ წინასწარი გათვლით, 100-დან 150 მილიონამდე ბრუნავს პერეტიტორების „ველში". ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა ყოფილიყო დროებითი აქტი, რამდენიმე წელს უნდა გაგრძელებულიყო. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, წინა ხელისუფლება ძალიან დატკბა, როგორც იტყვიან, „ტკბობაში ჩავარდა" და სისტემის შეცვლა არ მოინდომა. იყო რამდენიმე მცდელობა, მაგრამ უშედეგოდ. ახლა საქართველოში უნივერსიტეტებში მისაღები ადგილების რაოდენობა აღემატება მსურველების რაოდენობას, მაგრამ მაინც არის გამოცდები. რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ იმ 150-მა მილიონმა იტრიალოს. არადა მაშინ, 2005 წელს დაწყებული რეფორმის ერთ-ერთი გამართლება ის იყო, რომ ამ „რეპეტიტორულ ველში" 20 მილიონი ლარი ტრიალებდა. ჩვენი ამოცანა იყო ეს 20 მილიონი ნაცრისფერი ზონიდან გამოგვეყვანა, რომ უშუალოდ უმაღლეს განათლებას მოხმარებოდა. დღეს კი მინიმუმ 5-ჯერ მეტი ფული ტრიალებს იმავე „ველში".

 

ის პრობლემები, რაზეც თქვენ ლაპარაკობთ, როგორ უნდა გადაიჭრას, რა უნდა შეიცვალოს ამ სისტემაში?

 

უნივერსიტეტებმა თვითონ უნდა მიიღონ სტუდენტები, სკოლებში თავიდან შეიძლება, დარჩეს გამოსაშვები გამოცდები. მაგრამ საბოლოო ჯამში გამოცდები ყოველთვის ცუდია: თანამედროვე კვლევებით ცნობილია, რომ გამოცდებს არაფერი კარგი არ მოაქვს. ისეთი გამოცდები, როგორიც საქართველოში ტარდება, მხოლოდ მოკლევადიან მეხსიერებას ავითარებს. საბოლოო ჯამში, აქ გამოცდები ტარდება არა განათლების მისაღებად, არამედ დასაწყნარებლად: მშობელი მშვიდდება, სკოლაც, სახელმწიფო წყნარდება, მაგრამ ეს არაფერ კავშირში არ არის ცოდნაზე დამყარებული საზოგადოებაში მომავალ წარმატებასთან და ამ მიზნით განათლების მიღებასთან. პირიქით, განათლების თანამედროვე წარმატებული სისტემები არ არიან გამოცდებზე ორიენტირებული.

 

რომელი ქვეყნის მოდელია, თქვენი აზრით, ამ მიმართულებით საქართველოსთვის საინტერესო, ქართული რეალობის გათვალისწინებით?

 

მოდელების გადმოღება არასდროს არის კარგი. საქართველოს ვითარება ყველაზე მეტად ჰგავს აშშ-სა და კანადის სიტუაციას. როდესაც უნივერსიტეტების რაოდენობა დიდია, ადგილების რაოდენობა აღემატება მსურველების რიცხვს. ამ შემთხვევაში გარეთ კი არ რჩება ვინმე, კონკურენციაა, ვინ მოხვდება უკეთესში. ამას უნივერსიტეტები თავადაც შესანიშნავად გაართმევენ თავს. სხვა ამბავია, როდესაც ლაპარაკია, როგორ ვენდოთ უნივერსიტეტებს, ეროვნულ გამოცდებზეც და უნივერსიტეტებშიც იგივე/ისეთივე ხალხი არ მუშაობს? მაგრამ პრობლემა არ არის ფსიქოლოგიური, არამედ, სისტემური: დღეს გამოცდების ეროვნული ცენტრი ორიენტირებულია სისტემაში საკუთარი წონის გაზრდაზე, რათა საკუთარი არსებობა გაამართლოს, უნივერსიტეტები კი, თუკი მათ გადაეცემათ სტუდენტების მიღების უფლება, იქნებიან ორიენტირებული საკუთარ წარმატებაზე და შეეცდებიან არ დააყენონ ზედმეტად რთული და არასაჭირო ბარიერი აბიტურიენტებისათვის. სხვა პრობლემაა, თვითონ სწავლების და კვლევის ხარისხი უნივერსიტეტებში, რომლის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფო არაადეკვატურ, დაბალ მოთხოვნებს უყენებს მეცნიერებს. მაგრამ, ამის მიუხედავადაც, ამ ეტაპზე, უნივერსიტეტის „ბენებრივი" მიზანია სწავლებაში წარმატება, მისი კურსდამთავრებულების წარმატება, მაშინ, როდესაც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიზანია, საკუთარი წონის და მნიშვნელობის გაზრდა. ამიტომ ცხადია, რომ სასწორი ულაპარაკოდ უნდა გადაიხაროს უმაღლესი სასწავლებლებისკენ. სხვა ამბავია, როგორც გითხარით, თუ როგორია საქართველოში მეცნიერება, საიდანაც პირდაპირ გამომდინარეობს სწავლების ხარისხიც. პირველი და ძირითადი პრობლემა არის პროვინციალიზმი. რა არის პროვინციალიზმი? მე მაქვს ჩემი განსაზღვრება, რომლის მიხედვითაც, პროვინციალიზმი, ეს არის მოქმედება, ცხოვრების წესი, ფილოსოფია, რომლის მიზანია რაიმეს კოპირება და ამ კოპირებულის ტირაჟირებით წარმატების მიღწევა. დღეს საქართველოში ლექტორებისა და მეცნიერების დიდი ნაწილი ამას აკეთებს, სამწუხაროდ. უმეტესობა შეჩვეულია ამ ვითარებას, მაგრამ ეს არ არის ნორმალური სიტუაცია. საქართველოში, ძირითადად, უნივერსიტეტებში სამსახურში აჰყავთ ისეთი ლექტორები, რომლებსაც არანაირი გამოცდილება არა აქვთ მეცნიერებაში, ანუ პუბლიკაციები არა აქვთ (დღევანდელი მეცნიერების ამოსავალი საზომი - საერთაშორისო პუბლიკაციებია). მართალია, არის პროგრამები, სადაც ლექტორმა საკუთარი გამოცდილების შესახებ უნდა მოჰყვეს; მაგალითად, როგორიც არის ბიზნესი, ხელოვნება და ა.შ. როცა საქმე ეხება მეცნიერებას, რომ გადახედოთ, საქართველოში ნამდვილად არ არის იმდენი მეცნიერი, რამდენიც ე.წ. მეცნიერების ლექტორი. შეიძლება, 10-ჯერ ან 20-ჯერ უფრო ნაკლებია. ამიტომაც მეცნიერება არ ვითარდება, უნივერსიტეტებს არა აქვთ მოთხოვნა თავის პროფესიონალებისადმი, რომ აკეთონ საერთაშორისო დონის კვლევები. ამიტომ უმეტესობა კმაყოფილდება კოპირებით, ანუ, პროვინციალურობით: წაიკითხეს წიგნი, შევიდნენ აუდიტორიაში, მოყვნენ წაკითხულის შინაარსი, მერე გამოკითხეს სტუდენტებს და ეს არის სალექციო კურსი. ეს სრული კატასტროფაა. მეორე მხრივ, სახელმწიფოა სახელმწიფო უნივერსიტეტების ქონების მესაკუთრე, აკრედიტაციის სამსახურის მესაკუთრე. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ერთსა და იმავე დროს ადგენს წესებს, ასრულებს მათ და აკონტროლებს ამ წესების შესრულებას. არანაირი მოთხოვნა, რომ უნივერსიტეტს მეცნიერებაში მაღალი დონე ჰქონდეს, არ არსებობს. ამისი მაგალითსაც გეტყვით: წლების განმავლობაში არსებობდა და არსებობს რუსთაველის ეროვნული ფონდი, რომელსაც, არც ერთი გრანტის აღწერაში (არც წინაპირობაში და არც გრანტის შესრულების პირობაში) არ ჩაუსვამს საერთაშორისო ჟურნალებში პუბლიკაციის მოთხოვნა, ან ციტირების კონკტრეტული დონე. სახელმწიფოს არა აქვს განათლებისა და მეცნიერების განვითარების მიზანი, მისი მიზანია არჩევნების მოგება: ამ, განათლების და კვლევის სფეროში ბევრი ადამიანია ჩართული, შესაბამისად, სახელმწიფო „უყურებს", რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მიიღოს თუნდაც ცოტაოდენი, რომ მერე, არჩევნებში, ეს ცოტაოდენი, გამრავლებული ბევრ ადამიანზე, სახელმწიფოს საარჩევნო ხმებად დაუბრუნდეს. შედეგად, სახელმწიფო, ფაქტობრივად ყველაფერს ფლობს, რაც განათლებას ეხება, რადგან სკოლებისა და უნივერსიტეტების დიდი უმეტესობა არის საჯარო სამართლის სუბიექტი. არანაირი საჯარო (ანუ, PUBLIC - საზოგადოებრივი) ორგანიზაციები ისინი არ არიან, არამედ - სახელმწიფო ორგანიზაციები. უმეტესობა უნივერსიტეტებისა არ ფლობს ქონებას: უზარმაზარი ნაბიჯი იყო უკან, როდესაც უნივერსიტეტებისა და სკოლების ანგარიშები გადავიდა ხაზინაში; სახელმწიფო უხეშად ერევა როგორც სკოლების, ისე უმაღლესი სასწავლებლების მოქმედებებში. არსებობს აკრედიტაციის საბჭო, რომელიც კომპლექტდება სახელმწიფოს მიერ. ერთი პერიოდი ისეც იყო, რომ ამ სამსახურის უფროსები ოფიციალურად იყვნენ მინისტრის მოადგილეები. ამიტომაც საქართველოში საჯარო სამართლის სუბიექტებთან მიმართებაში, ფუნქციონირების არანაირ საზოგადოებრივ ფორმაზე ლაპარაკი არ არის. თქვენ რომ ჰკითხოთ ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, იტყვიან, არის ქვეყნები, სადაც უნივერსიტეტები სახელმწიფოს მფლობელობაშია. მართალია, მაგრამ იქ, სადაც უნივერსიტეტები სახელმწიფო საკუთრებაა, უმაღლესი სასწავლებლები არ არიან წარმატებული. ჩვენი მთავრობა (წინაც) კი საჯარო სამართლის სუბიექტის სახელით ნიღბავს ამ უნივერსიტეტებისა და სკოლების სახელმწიფო კონტროლსა და საკუთრებას. ტორონტოს, კემბრიჯის, ოქსფორდის უნივერსიტეტები არიან Public. ეს უნივერსიტეტები საქართველოს მთავრობის განსაზღვრებითაც არიან Public, მაგრამ კალიფორნიის, კანადის, ბრიტანეთის უმაღლესი სასწავლებლები იმართებიან არა სახელმწიფოს მიერ, არამედ საზოგადოების მიერ. მმართველობის ფორმები ძირითადათ ორია: ან, უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს ახალ წევრებს ძველი წევრები ირჩევენ, წესდების შესაბამისად, ან გუბერნატორი ნიშნავს 10-15 წლით უნივერსიტეტის საბჭოს წევრებს. ორივე შემთხვევაში საბჭო აბსოლუტურად თავისუფალია სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევისაგან. ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ერთი მხრივ, ატყუებენ საზოგადოებას, მეორე მხრივ, ატყუებენ საკუთარ თავს. ამერიკის ყველა შტატის უნივერსიტეტი არის საზოგადოებრივი საკუთრების, ანუ დანიშნული/არჩეული საბჭოს მიერ რომ იმართება. ჩვენთან, 2005 წელს კანონით დადგენილი, უნვერსიტეტის მმართველობის ფორმა უნდა ყოფილიყო დროებითი, გარდამავალი ფორმა. რა თქმა უნდა, მმართველობის არსებული წესი ხარვეზიანია: ეს ფსევდოდემოკრატიული მიდგომაა, როდესაც რექტორს ირჩევენ ის ადამიანები, ვისაც შემდეგ/მანამდე რექტორი ნიშნავს თანამდებობაზე. მაგრამ მაშინ, 2005 წელს, სხვანაირი ფორმა რომ შემოგვეღო, სრულიად გაუგებარი იქნებოდა. არსებული გეგმის მიხედვით, შემდეგ, ნელ-ნელა საუნივერსიტეტო სისტემა უნდა წასულიყო საზოგადოებრივი და კერძო საკუთრების ფორმისაკენ. პირველი ნაბიჯები გადაიდგა კიდეც: მოხდა აგრარული უნივერსიტეტის პრივატიზაცია, სახელმწიფო უნივერსიტეტები გახდნენ კერძო სამართლის იურიდიული პირები. მაგრამ მმართველობის ფორმაში სახელმწიფოს უხეში ჩარევა კვლავ დარჩა: სრულიად გაუგებრად და დაუსაბუთებლად, წინა ხელისუფლების დროს, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ კანცლერი დაენიშნა, რაღაც საბჭო გააკეთეს, რომელსაც მხოლოდ ფინანსური საკითხები ეხებოდა და სადაც მინისტრების მოადგილეები შედიოდნენ. სახელმწიფოს ამ შემთხვევაში შეეშინდა უნივერსიტეტების გაშვების, ასე ვთქვათ, თავისუფალ ცურვაში. შემდეგ ესტაფეტა ახალმა ხელისუფლებამ მიიღო და მარგველაშვილმა ბევრი რამ გააფუჭა მინისტრობის დროს. მათ შორის, ის პატარა ნაბიჯი, რაც იყო უნივერსიტეტების გაუმჯობესებისკენ მიმართული, უკან შეატრიალა და უნივერსიტეტები კვლავ საჯარო სამართლოს სუბიექტები გახადა. შემდეგ ხადურმა საერთოდ ხაზინაში გადაიტანა უნივერსიტეტებისა და სკოლების ანგარიშები. ასეთ სისტემას, საბოლოოდ, უნივერსიტეტებში და სკოლებშიც ხარისხის დაქვეითებამდე მივყავართ: საქმე იმაშია, რომ სახელმწიფოს არ შეიძლება, ჰქონდეს მკვეთრი და სწორი კრიტერიუმები, მაგალითად, კონკრეტული მეცნიერის შეფასებისას, რადგან, ეს თანამედროვე სამყაროში ძირითადად ეფუძნება კოლეგიალურ რევიუს. ბევრს ლაპარაკობენ ციტირების ინდექსზე და რაოდენობაზე. ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია, მაგრამ ციტირების რაოდენობა და ინდექსი მხოლოდ დასაწყისია შეფასების და არა აბსოლუტური კრიტერიუმი. განვითარებული სამყაროს არც ერთ უნივერსიტეტში არ მიიღება ადამიანი, თუ ციტირების ინდექსი არა აქვს. თუმცა შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს ძალიან მაღალი - მაგალითად 20 ან 25 და უბრალოდ არ მიიღონ. შეიძლება, ჰქონდეს შედარებით დაბალი, 7, 10, 12 და მიიღონ. ეს დამოკიდებულია სწორედ კოლეგების მიერ შეფასებაზე, რაც მნიშვნელოვანია თანამედროვე სამეცნიერო სამყაროში.
პრინციპში, დამოუკიდებლობის მხრივ იგივე შეიძლება, ითქვას სკოლებზეც, რადგან არც სკოლებს აქვთ რაიმენაირი დამოუკიდებლობა სახელმწიფოსაგან.

 

თქვენი აზრით, ის თანხა რაც დღეს ბიუჯეტიდან გამოიყოფა განათლებისთვის, სწორად იხარჯება?

 

თუ გულისხმობთ სისტემას - ფული მიჰყვება სტუდენტს - ვთვლი, რომ ადეკვატურია. სხვა ფორმა რომ იყოს, მაგალითად, სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტის პირდაპირი დაფინანსება, ის გადაიქცევა ვაჭრობად სახელმწიფოსა და უნივერსიტეტს შორის: როგორც ჩვენში იყო 2005 წლამდე: სახელმწიფო ფულს სთავაზობდა უნივერსიტეტს, უნივერსიტეტები საპასუხოდ - გარკვეულ სერვისებს, რაც მაინცდამაინც კავშირში მეცნიერებასთან არ არის და ა.შ. თქვენ მეკითხებით, თუ როგორ უნდა განაწილდეს ეს ფული. საბოლოო ჯამში, პრობლემა ისევ დადის საკუთრების ფორმაზე: სახელმწიფო შეიძლება, იყოს უმაღლესი სასწავლებლების ძალიან მსუბუქი, მაგრამ ეფექტური Soft მაკონტრელებელი, მაგრამ არა წარმმართველი: სახელმწიფო განათლება კარგი არასდროს არის. ყოველთვის არის დიდი ჩავარდნები და პრობლემები. შესაბამისად, საგანმანათლებლო ორგანიზაცია აუცილებლად უნდა იყოს არასახელმწიფო: როგორი იქნება, კერძო თუ საზოგადოებრივი, რომელი კონკრეტული უნივერსიტეტი და სკოლა რომელ ფორმად გადაკეთდება - ეს ხანგრძლივი, მაგრამ დაგეგმვადი პროცესია. ზოგიერთი შეიძლება, იყოს საზოგადოებრივი, ზოგიერთი კერძო, გააჩნია. სახელმწიფოს ამ შემთხვევაში შეუძლია, ჰქონდეს კონტროლის თავისი მექანიზმები, ოღონდ არა დასჯით, არამედ დასაჩუქრებით. სახელმწიფოს ფული აქვს, შეუძლია, ყოველთვის შემოიღოს დაფინანსების დამატებითი კრიტერიუმი, ბოლოსდაბოლოს შეუძლია, შეინარჩუნოს მისაღები გამოცდები მათთვის, ვისაც საგრანტო დაფინანსება უნდა. კარგ ქვეყნებში უნივერსიტეტებისა და სკოლების ბიუჯეტის სერიოზული პროცენტი შემოწირულობებისაგან შედგება: წარმატებული კურსდამთავრებულები სიამოვნებით აძლევენ ფულს უნივერსიტეტს და სკოლას. ამ ქვეყნების კანონმდებლობაც უწყობს ხელს ამ მხრივ, თუმცა, ჩვენთან, რა ხელისშემწყობი კანონმდებლობაც არ უნდა იყოს, დღეს საქართველოში რომელ ქველმოქმედს უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ მისი ფული ხაზინაში სადღაც არ განაწილდება და სხვაგან არ წავა? უნივერსიტეტებს ანგარიშები არა აქვთ, არც სკოლებს, სახელმწიფო კი უხეშად ერევა მათ ცხოვრებაში. იმის გამო, რომ სკოლები და უნივერსიტეტები საჯარო სამართლის სუბიექტები არიან, ძალიან შეზღუდულია თავისუფლება, განვითარება, ინოვაცია. ამიტომ, არავინ არ აძლევს ფულს უნივერსიტეტებს და სკოლებს. ეს რაც შეეხება სახელმწიფო სექტორს. კერძო სექტორიც არამდგრადია: გახსოვთ თავისუფალ უნივერსიტეტს რა დაუპირა მარგველაშვილმა განათლების მინისტრობის დროს? ასე რომ, ძალიან არამყიფე სიტუაციაა. მთავარი ამ აღწერაში ისაა, რომ სახელმწიფო ვერ ეშვება განათლებასა და მეცნიერებაში მთავარ როლს იმის მაგივრად, რომ გადასცეს ეს ფუნქცია საზოგადოებას.

 

რატომ ვერ ეშვება ამ როლს სახელმწიფო, თქვენი აზრით?

 

საბოლოო ჯამში, ეს არის პოლიტიკოსების ბავშვური და ინფანტილური სურვილი. ვფიქრობ, ეს ჰქონდა წინა ხელისუფლებასაც და აქვს ახალსაც, სურთ რაღაცები აკონტროლონ. მათი მიზანი არჩვენებია: განათლების სისტემაში ძალიან ბევრი მასწავლებელია, ძალიან ბევრი სტუდენტია, ძალიან ბევრი მეცნიერია, ლექტორი, სახელმწიფო კი მათ, სხვათა შორის სრულიად უსაფუძვლოდ, უყურებს, როგორც საკუთარ საარჩევნო პოპულაციას. წინა ხელისუფლებამ იმიტომ წააგო არჩევნები, რომ ასე აღიქვამდა ვითარებას, ის ამბობდა, რომ „ჩვენ არ ვუშვებთ ხელიდან ამ სადავეს, რადგან ხალხმა შეიძლება, აირჩიოს პრორუსული ძალა". მათი შეფასებით, სწორედ პრორუსული გუნდი აირჩია ამომრჩეველმა, ანუ გამოჩნდა, რომ ეს მიდგომა არ მუშაობს. გარდა ამისა, ეს ყველაფერი ცუდია მეცნიერებისა და განათლებისთვის. როდესაც საზოგადოება არ არის თავად პასუხისმგებელი, არაფერი გამოდის. უნივერსიტეტები და სკოლები სახელმწიფოს არ უნდა უმტკიცებდნენ რაიმეს. სახელმწიფოს დარწმუნება რას ნიშნავს რეალურად? იმას, რომ მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანი (მინისტრი, მისი მოადგილე) უნდა დაარწმუნო. შემდეგ სახელმწიფო გამოდის და ამბობს, რა კარგია სკოლაა ეს. საზოგადოების დარწმუნება ასე შეუძლებელია, რადგან საზოგადოებას შენი წარმატების მკვეთრი ინდიკატორები უნდა აჩვენო, უნდა ანახო, რომ გაქვს პუბლიკაციები, რაღაც გამოიგონე, დანერგე ახალი მეთოდი და ასე შემდეგ. ეს რომ გაკეთდება, შემდეგ საზოგადოების წევრები ადვილად მიხვდებიან, რომელ სკოლაში უნდა წაიყვანონ შვილი, რომელ უნივერსიტეტში უნდა ისწავლონ. თუ დაწესებულება საზოგადოებრივი საკუთრების, ან კერძო იქნება, მის მეურვეებს ეცოდინებათ, რა მიზანი აქვთ, რა უნდა გააკეთონ წარმატების მისაღწევად. ახლა, როგორც სკოლისათვის, ასევე უნივერსიტეტისათვის, რომელიც სახელმწიფოს ხელშია, გაუგებარია, რას ნიშნავს წარმატების მიღწევა - სახელმწიფოს თუ საზოგადოების დარწმუნება. უმეტეს შემთხვევაში - ეს სხვადასხვა რამეა. დღეს, მაგალითად, სახლმწიფო არანაირ ყურადღებას არ აქცევს მეცნიერებას, მაგრამ ყურადღებას უთმობს მეცნიერებს, ეს კიდევ სრულიად განსხვავებული რამაა. გააკეთეს გაუგებარი ინოვაციების ცენტრი: ინტერნეტში რაც ვნახე, თითქოს რაღაც სასწავლო დაწესებულებაა. თუ სასწავლო დაწესებულებას აკეთებ, გააკეთებინე რომელიმე უნივერსიტეტს, რატომ იმრავლებ საპატრონოს და საკუთრებას? თან ის ამბავი, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრი ცალკე, უნივერსიტეტის გარეთ უნდა გაკეთდეს, მე-20 საუკუნეს ჩაჰბარდა. თანამედროვე მსგავსი ცენტრები უნივერსიტეტების ნაწილებია და თავად უნივერსიტეტები არიან ასეთი ცენტრები. ეს არის ინფანტილიზმი, გაუგებრობაც, გაუთვითცნობიერებლობაც, პროვინციალიზმიც: სადღაც გაგონილი აქვთ, რომ არსებობს ინოვაციული ცენტრი, ამბობენ „მოდი, ამას გადმოვიტან, დავაკოპირებ და ნახე, რა მაგარი ვიქნები". ძალიან ბევრი პრობლემა მოვყვევი, მაგრამ როგორც კი სახელმწიფო შეწყვეტს განათლებისა და მეცნიერებაში მომუშავე ხალხის, როგორც საარჩევნო ჯოგის განხილვას, მანდ დასრულდება პრობლემების გამრავლება და დაიწყება სვლა გაუმჯობესებისაკენ. ყველამ ვიცით, რომ აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის: საქართველოს განათლების სისტემაში კი სახელმწიფოს აქვს აბსოლუტური ძალაუფლება: ერთი მხრივ, ის ფლობს ქონების უმეტესობას, აკონტროლებს პროცესებს და მეორეს მხრივ, თავად ფლობს შეფასების და წახალისება/დასჯის მექანიზმებს.

 

თუ ხედავთ საქართველოში რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც განათლებასთან დაკავშირებული საკითხები პრიორიტეტულია და მისი ხედვა ამ მიმართულებით, თქვენი აზრით, საინტერესოა?

 

პრიორიტეტად არავის აქვს განათლება, რადგან არ იციან, რა უნდა გააკეთონ. თუმცა, ამას წინათ ზურაბ ჯაფარიძის პრეზენტაციას ვუსმინე. იქ აშკარად არის მცდელობა ახალებურად შეხედონ განათლების სისტემის რეფორმას. სხვა პარტიების პროგრამებში ახალი, და შესაბამისად, საგულისხმო არაფერია. განათლებაში ძნელია რეფორმის დაგეგმვა: თუ კარგად ჩახედული არ ხარ, ეს სისტემა ძალიან დამაბნეველია. მაგალითად, ამბობ, რომ ოქსფორდი არის Public, რა განსხვავებაა? არადა უზარმაზარი განსხვავებაა. ზოგიერთი მემარჯვენე ამბობს, რომ ყველაფერი გადავაქციოთ კერძოდ. ეს ვერ მოხდება, რადგან არის სკოლები და უნივერსიტეტები, რომლებსაც ლარადაც არავინ შეიძენს, ამიტომ, უნდა ვიფიქროთ საზოგადოებრივი საკუთრების ფორმებზე, რომლებიც გარდაუვლად დამოუკიდებელი იქნება სახელმწიფოსაგან. ეს განსაკუთრებით მთის რეგიონების სკოლებს ეხება. აუცილებლად უნდა იყოს ფორმები, რაც საზოგადოებრივ საკუთრებას გააჩენს და ამაზე კანონმდებლობა უნდა არსებობდეს. მაგრამ ამ მიმართულებით არავინ ფიქრობს, რადგან რთულია. შესაძლოა, ფიქრობენ, მაგრამ საქართველოში ხომ ძალიან მოკლევადიანი პოლიტიკური პროგრამებია, ამ ცვლილებას თუ დაიწყებ, ეს შედეგს მოგცემს 10 წლის შემდეგ. პოლიტიკოსი ფიქრობს, 10 წლის შემდეგ მე ალბათ საერთოდ არ ვიქნები და რატომ უნდა ვიზრუნო იმაზე, რის შედეგსაც მიიღებს შემდეგი პოლიტიკოსი. ამიტომაც გაუჭირდა წინა ხელისუფლებას გამოცდების სისტემის შეცვლა. უცებ დიდ წარმატებას მიაღწიეს, მახსოვს, ყველაზე მოთხოვნად ადგილებზე სენაკის სკოლიდან მოხვდნენ, ეს კი წარმოუდგენელი იყო. ახლა, როცა სისტემამ რეპეტიტორები დაადგინა, როგორც ლამის აუცილებელი პირობა, მხოლოდ, მდიდარ ხალხს, რომლებიც ძირითადად თბილისში ცხოვრობენ, აქვს საშუალება, მოამზადოს შვილი კარგ რეპეტიტორებთან. ჩემი სტუდენტები კარგები არიან, მაგრამ არა იმიტომ, რომ სტუდენტების დონე უმჯობესდება, არამედ იმიტომ, რომ აქ მოდიან უკეთესი ახალგაზრდები. ეჭვი მეპარება, რომ ეს მდგომარეობა საქართველოში გაუმჯობესებული იყოს.

 

უნდა შემცირდეს, თქვენი აზრით, უნივერსიტეტების რაოდენობა?

 

ზოგადად უნდა შემცირდეს, მაგრამ არა სტუდენტების ადგილების შემცირების ხარჯზე. თანამედროვე სამყაროში უმაღლესი განათლების სხვადასხვა ფორმა არსებობს. მაგალითად, ამერიკასა და კანადაში Community კოლეჯები ძალიან პოპულარულია. სახელმწიფოს თუ სურს, რაღაც დაიტოვოს პირდაპირი დაფინანსებით, გააკეთონ მსგავსი კოლეჯები. იმ უნივერსიტეტების რიცხვის შემცირება, რომლებიც მაგისტრის და დოქტორის აკადემიურ ხარისხს ანიჭებენ, არ ნიშნავს, რომ უმაღლესი განათლების წერტილები შემცირდებ. ამას უნდა ძალიან დაკვირვებული მუშაობა, სხვანაირად ეს არის სიარული უფსკრულისკენ, რადგან ცოტა ხანში, თუ უკვე არა, დავრჩებით მხოლოდ იმ მეცნიერების იმედზე, რომლებსაც ყველაფრის მიუხედავად სურთ, აკეთონ მეცნიერება - ესენი კიდევ ყოველთვის აბსოლუტურ უმცირესობაში არიან.

 

ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში დღემდე შემორჩენილია საბჭოთა მიდგომები, მაგალითად, განათლება ორიენტირებულია დაზეპირებაზე, თქვენი აზრით, რამდენად მწვავედ დგას ეს საკითხი დღეს საქართელოში და როგორია თანამედროვე მიდგომები?

 

მეთოდები კი არის ბევრგან ასეთი, მაგრამ არა ყველგან. თუმცა მეთოდი, რომელიც არ არის დაზეპირებაზე ორიენტირებული, ისიც მოძველებულია, რადგან დღეს უკვე ელექტრონულ საშუალებებს, სოციალურ მედიას იყენებენ განათლებაში, სხვა შესაძლებლობებს იძლევა თანამედროვე ტექნოლოგიები. დაზეპირება ცუდია, მაგრამ იმან, რამაც დაზეპირება შეცვალა, როგორც მეთოდი, ისევე მოძველებულია, რადგან რელევანტური აღარ არის.

 


რამდენად არის საქართველოს განათლების სისტემაში დანერგილი თანამედროვე სამყაროს უახლესი მიდგომები?

 

არაფერია. საუკეთესო შემთხვევებშიც კი საქართველო არის 10 წლით უკან. საუკეთესო შემთხვევა კი ძალიან ცოტაა. კარგი მაგალითი შემიძლია, მოგიყვანოთ. სულ წინა მთავრობის მაგალითები მომყავს, რადგან ახალ ხელისუფლებას არც არაფერი გაუკეთებია ბევრი, ტექნოლოგიური ცენტრის გარდა, რომელიც სრულიად გაუგებარია. თუ გახსოვთ, ჯეოსელს რომ გააკეთებინა ხელისუფლებამ ე.წ. მომავლის კლასები, ყოველ მერხზე დიდი ეკრანებით, დიდი თეთრი კლასით. იგულისხმებოდა, რომ ეს იყო მომავლის სკოლა. იმდროინდელი მთავრობის ხედვით, მომავლის სკოლა არის ისევ ისეთი კლასი, ისევ ის 20 მერხი დგას, ოღონდ, კლასი თეთრია იმ 20 მერხზე დგას 20 დიდი კომპიუტერი.

 

როგორი უნდა იყოს მომავლის სკოლა, თქვენი აზრით?

 

ბევრნაირი შეიძლება, იყოს. ძალიან ბევრი მუშაობა მიდის თანამედროვე მსოფლოში, როგორი უნდა იყოს მომავლის სკოლა. საქართველოში ეს არ ხდება, არც მოხდება, რადგან სკოლების უმეტესობა სახელმწიფოს მკაცრი კონტროლის ქვეშაა. ვერავინ სერიოზულ ინიციატივას ვერ გამოიჩენს, ვერ გარისკავს, ვერ დაუმტკიცებს საზოგადოებას. საზოგადოების დარწმუნება ინოვატორობაში უფრო მარტივია, ვიდრე სახელმწიფოსი, იგივე ამბავია, რაც უკვე ვთქვი: ისევ 2 ადამიანს აჯერებ სახელმწიფოში, რაც რთულია, საზოგადოებაში კი ბევრი პოტენციური თანამოაზრე არსებობს და ყოველთვის იპოვი ისეთს, ვინც გაიზიარებს შენს ხედვას, ინოვაციას. არის ლაპარაკი მშობლების როლის გაზრდაზე მომავლის სკოლაში, სოციალური მედიის გაძლიერებაზე, საქართველო ამ ყველაფრის მიღმაა. კერძო სკოლები ამას არ აკეთებენ, რადგან ძალიან ძნელია, ზოგადად, სკოლა მომგებიანი იყოს. შესაბამისად, კერძო სკოლა გადასულია მოგების აკუმულირებაზე, საზოგადოებრივი საკუთრების სკოლები საერთოდ არ არსებობს და გამოდის, რომ ექსპერიმენტებისთვის და ინოვაციებისათის ადგილი არ რჩება. საუკეთესო შემთხვევაში, საუკეთესო კერძო სკოლები დღეს 20 წლით უკან არიან. როდესაც ლაპარაკია სწავლების წესზე, ისევ ასწავლიან ფიზიკას, ქიმიას, ისტორიას. აქ ჯერ კიდევ არა აქვთ გაცნობიერებული, რომ ფიზიკა, ქიმია თუ სხვა საგნები გარკვეული უნარების გამომუშავებისთვისაა საჭირო. თანამედროვე სამყაროში ეს მეცნიერებები ცალ-ცალკე აღარ არსებობს, ძალიან ინტერდისციპლინური ხდება ყველანაირი კვლევა. ჩვენ სკოლაში ბავშვებს ვუქმნით არასწორ წარმოდგენებს, შემდეგ რომ ისწავლიან ისევ იმ უნივერსიტეტებში, სადაც კვლავ არასწორი წარმოდგენაა, ამ ქვეყნიდან გავლენ და აღმოაჩენენ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში არასწორად უსწავლიათ, ძალიან ცოტა გადაურჩება ალბათ ამ შოკს. იქ, „გარე სამყაროში" ჩვენი განათლების სისტემა-გამოვლილი ახალგაზრდა ვერ ნახავს ფიზიკას, ქიმიას, ნახავს დიდ ინტერდისციპლინურ კვლევებს, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იქნება ჩართული. 10 და 20 ადამიანის გაგზავნით საზღვარგარეთ სასწავლებლად არაფერი იცვლება. ამისი ისტორიული მაგალითია იუგოსლავია ტიტოს დროს, რომელიც ძალიან საინტერესო ქვეყანა იყო. იუგოსლავიის პასპორტის მქონე ადამიანს შეეძლო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ემოგზაურა ვიზის გარეშე, როგორც საბჭოთა, ისე კაპიტალისტურ ბანაკში. ეკონომიკა ვითარდებოდა, ტიტო იყო ძლიერი მმართველი და ამიტომ, სხვადასხვა ერს შორის დაპირისპირება არ ხდებოდა. ოღონდ ტიტომ დაუშვა ერთი სერიოზული შეცდომა: იმის მაგივრად, ეზრუნა უმაღლესი განათლებისა და სკოლების გამოსწორებაზე, დაიწყო ახალგაზრდების გაშვება საზღვარგარეთ. ახლა ყოფილი იუგოსლავიიდან ჩემი თაობისა და ცოტა უფროს ადამიანებს ძალიან კარგი განათლება აქვთ, იყვნენ სორბონაში, ოქსფორდში, კემბრიჯში, მაგრამ ასეთები ძალიან ცოტანი არიან. ქვეყანაში კი დარჩა განათლების ცუდი სისტემა. როცა დაიწყო ნაციონალური დაპირისპირებები, იუგოსლავიაში განათლება მიღებულმა ხალხმა შეასრულა ძალიან ცუდი როლი ნაციონალიზმის გაღვივებასა და ერთმანეთის ხოცვაში. საზღვარგარეთ განათლება მიღებული ადამიანები ვერ დაბრუნდნენ, ან დაბრუნდნენ და ვერაფერი გააკეთეს. შემდეგ კი, როდესაც სამოქალაქო ომები დამთავრდა და ქვეყანა რამდენიმე ქვეყნად დაიყო, დაბრუნებულებმა სერიოზული როლის შესრულება დაიწყეს თავიანთ ქვეყნებში: ხორვატიაში, სლოვენიაში და ასე შემდეგ. ასეთი მიდგომა არაფერს შველის, ეს ყველაზე პრინციპული შეცდომაა, რაც კი ოდესმე დაუშვია ხელისუფლებას განათლების გამოსწორების მიზნით. ცხადია, ადვილია იფიქრო, რომ გაუშვებ 100 კაცს საზღვარგარეთ და საქმე გამოსწორდება. თუმცა, იმ 100 კაცზე 30 000 არგაშვებული და განათლების ცუდ სისტემაში ჩავარდნილი ახალგაზრდა მოდის. სწორი გადაწყვეტილებების მიღება რთულია, თუმცა აუცილებელი. იუგოსლავია კარგი მაგალითია.

 

თქვენი აზრით, რამდენწლიანი გეგმაა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში განათლების სისტემა შეიცვალოს და ის პრობლემები, რაზეც თქვენ ილაპარაკეთ აღარ არსებობდეს?

 

10-წლიანი გეგმა სავსებით საკმარისია, შეიძლება, უფრო ნაკლებიც კი. თუ იქნება პოლიტიკური ნება, შეიძლება 5-წლიანიც, ოღონდ, განათლების სისტემის რეფორმას უნდა ახლდეს ეკონომიკური რეფორმები. უფრო ზუსტად, განათლების სიტემის რეფორმა ეკონომიკის რეფორმის საფუძველზე უნდა მიმდინარეობდეს. თუ პოლიტიკოსები ამის გაკეთებას დაიწყებენ, სჭირდებათ სერიოზული კომპენსატორული (ყველა აზრით) მექანიზმი, რომ ამ ძალიან დიდი სისტემის ცვლილებამ დამანგრეველი რეაქცია არ გამოიწვიოს. ეს არ არის მარტივი გასაკეთებელი: თუ იწყებ განათლებისა და მეცნიერების სისტემის რეფორმირებას, რაღაც უნდა გქონდეს გაკეთებული ეკონომიკური, სოციალური მიმართულებით, რომ დააკომპენსირო ის პრობლემები, რაც ამ სერიოზული ცვლილებების დროს წარმოიქმნება. ქვეყანა არ დგას ჯარზე და სოფლის მეურნეობაზე, არც სატრანზიტო პირობებზე. ქვეყანა დგას სკოლასა და უნივერსიტეტზე, დღეს კი ჩვენში ისევ ჰგონიათ, რომ ქვეყანა ჯარზე და/ან სოფლის მეურნეობაზე/ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციაზე დგას.

 

ავტორი: ხატია შამანაური

 

კატეგორიები
რეიტინგული მასალები
პრომო ბანერი
image